WSJ: აშშ კიევში საკუთარი საელჩოს დასაცავად სპეციალური ოპერაციის ძალების გაგზავნას განიხილავს

The Wall Street Journal-ის ცნობით, ამერიკელი დიპლომატები და პენტაგონი განიხილავენ კიევში აშშ-ის საელჩოს დასაცავად სპეციალური ოპერაციის ძალების გაგზავნას.

წყაროების თქმით, განხილული წინადადებები აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენისთვის ჯერ არ წარუდგენიათ.

თუ პრეზიდენტი წინადადებას დაამტკიცებს, ამერიკელი სამხედროების ჯგუფი კიევში გაიგზავნება მხოლოდ დიპლომატიური მისიის შენობის დასაცავად, რომელიც მდებარეობს რუსული რაკეტების წვდომის ზონაში. ამავდროულად, ბაიდენი დაარღვევს თავის ადრინდელ დაპირებას, რომ უკრაინაში არც ერთი ამერიკელი სამხედრო არ გაიგზავნება.

WSJ-ის შეფასებით, აშშ-ის ადმინისტრაციას სურს საელჩოში ჰყავდეს საკმარისი ძალები, რათა მოაწყოს თანამშრომლების ევაკუაცია, თუ კიევში საომარი მოქმედებები კვლავ დაიწყება. რუსული ჯარები განაგრძობენ პერიოდულ საჰაერო თავდასხმებს კიევზე, ​​მაგრამ ქალაქში ცხოვრება ნელ-ნელა ნორმალურად უბრუნდება.

ამჟამად აშშ-ის საელჩოს დაცვას დიპლომატიური უსაფრთხოების სამსახურის დაცვის კორპუსი უზრუნველყოფს. პენტაგონსა და სახელმწიფო დეპარტამენტში კიევში სპეცრაზმის გაგზავნის წინასწარი დაგეგმვა მიმდინარეობს. გარდა ამისა, განიხილება სამხედრო-საზღვაო ძალების წარმომადგენლების გაგზავნა, რომელთაც შეერთებული შტატები იყენებს თავისი დიპლომატიური მისიების დასაცავად მთელ მსოფლიოში.