ოპოზიციის წარმომადგენლები საპარლამენტო ხელფასებზე: ვისაც რა ფორმითაც უნდა, ისე დახარჯავს ამ რესურსს სწორ საქმეზე

„ვისაც უნდა, რა ფორმითაც უნდა, იმ ფორმით დახარჯავს ამ რესურსს სწორ საქმეზე“, - ,,ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია, საპარლამენტო უფლებამოსილების მქონდე დეპუტატების ხელფასების საკითხს ეხმაურება.

გიგა ბოკერიას თქმით, სხვადასხვა ადამიანმა სხვადასხვა ფორმით გადაწყვიტა გამოეხატა საკუთარი პოზიცია, მათ შორის, „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ტარიელ ნაკაიძემ, საპარლამენტო ხელფასი სამოქალაქო აქტივისტებს გადაურიცხა, ხოლო პარტიის ლიდერი დავით ბაქრაძე, თანხით გაჭირვებულ ოჯახებს დაეხმარა.

„ჩვენი პარტიიდან გამომდინარე შემიძლია გითხრათ, არც ერთი დეპუტატი, რომელიც წინა მოწვევის პარლამენტში იყო, არ აპირებს, ხელი მოკიდოს დარიცხულ ხელფასს, - ამის შესახებ კი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„ამ ფულს გამოვიყენებთ ქველმოქმედებისთვის, ან რაღაც სხვა მიზნებისთვის, ან ისევ ხაზინაში დავაბრუნებთ. დავსხდებით და ამაზე მოვილაპარაკებთ, მივიღებთ საერთო გადაწყვეტილებას“, - აღნიშნა ზაალ უდუმაშვილმა.

მისივე თქმით, ირაკლი კობახიძის განცხადება, რომ რამდენიმე ოპოზიციონერმა დეპუტატმა პარლამენტის საფინანსო დეპარტამენტს ანაზღაურებისთვის მიმართა, სიცრუეა.

„მე ვფიქრობ, ესეც მორიგი სიცრუეა. ძალიან მარტივი იქნებოდა, რომ კობახიძეს კონკრეტული გვარები დაესახელებინა, ვინ მოითხოვა ხელფასის ჩარიცხვა და მერე ეს პოლიტიკოსები თავად გასცემდნენ პასუხს. ვინაიდან ზოგადი, ბუნდოვანი განცხადება გააკეთა, ეს იმას ნიშნავს, რომ რეალურად ასეთი ფაქტები არ არსებობს.

მე როგორც ვიცი ანალოგიური პოზიცია აქვთ სხვა პარტიებსაც ამ ხელფასთან დაკავშირებით. ასე რომ, ამაზე ტყუილად ნუ დახარჯავენ დროს. არავინ არ აპირებს, ისარგებლოს იმ ფულით, რადგან ჩვენ განვაცხადეთ, რომ არ ვაპირებთ ვისარგებლოთ ყველა იმ პრივილეგიით, რაც დეპუტატს აქვს, ჩვენ უარი ვთქვით სადეპუტატო მანდატებზე“, - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

არსებული ინფორმაციით, მეათე მოწვევის პარლამენტს ხელფასის დარიცხვის მიზნით სამმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა მიმართა.