ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველოს პარლამენტში ინტერპელაციის წესით გამოსვლისას განაცხადა, რომ მთავრობა ეკონომიკის 6%-იან ზრდას ელოდება.
მისი თქმით, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, მთავრობა ეკონომიკური ზრდის პროგნოზის 3%-3.5%-მდე შემცირებას გეგმავდა, თუმცა ახლა ელის, რომ ქვეყანას იმაზე მეტი ეკონომიკური ზრდა ექნება, ვიდრე საფინანსო ინსტიტუტების მიერაა პროგნოზირებული.
„ეკონომიკური ზრდის პროგნოზს გადავხედეთ და ვთვლიდით, რომ დაგეგმილი 6%-ის ნაცვლად, ეკონომიკური ზრდა შეიძლება ყოფილიყო 3%-3.5%. ამაში გვეთანხმებოდნენ საერთაშორისო პარტნიორები, თუმცა ეკონომიკური გუნდი და მთლიანად მთავრობა, მობილიზებული ვიყავით, რომ პოტენციური დანაკარგი რაღაცით დაგვეკომპენსირებინა. შესაბამისად, ვფიქრობ, მთავრობის მობილიზებული პოზიციიდან გამომდინარე, იმ დადებითი ტენდენციების შენარჩუნება შევძელით, რომელიც ეკონომიკაში წლის დასაწყისში შეინიშნებოდა. საბოლოოდ, ჩვენი მოლოდინია, რომ დაგეგმილი ეკონომიკური ზრდა მინიმუმ უნდა იყოს მიღწეული“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
რაც შეეხება ბიუჯეტის დეფიციტს, ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, მთავრობა დეფიციტის შემცირებას განიხილავს. დავითაშვილის თქმით, წელს, სავარაუდოდ, ბიუჯეტის დეფიციტი დაგეგმილი 4.4%-დან 3.5%-მდე შემცირდება.
უკრაინაში დაწყებული ომის ფონზე, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, ეკონომიკური ზრდის 5%-იანი პროგნოზი შეამცირა . სებ-ში აცხადებენ, რომ ზრდის ტემპი 3%-4%-ის ფარგლებში იქნება. საერთაშორისო სავალუტო ფონდმა, საქართველოს 2022 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 3%-მდე შეამცირა. 3.5%-იან ზრდას პროგნოზირებს აზიის განვითარების ბანკი. მსოფლიო ბანკმა კი საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5.5%-დან 2.5%-მდე შეამცირა.