Bloomberg: რუსეთს დეფოლტამდე ერთი ნაბიჯი აშორებს

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შედეგად, აგრესორი ქვეყნისთვის დაწესებული სანქციების გამო, რუსეთს დეფოლტემდე ერთი ნაბიჯი აშორებს.

რუსეთის ხელისუფლებამ სახელმწიფო ობლიგაციების ვალის მომსახურება ვერ შეძლო და ინვესტორების ანგარიშზე 27 მაისს ფული ვერ ჩარიცხა.

Bloomberg-ის ცნობით, 27 მაისი ბოლო თარიღი იყო, როცა რუსეთს ობლიგაციები „რუსეთი -2026“-ის და „რუსეთი 2036“ უნდა დაეფარა, შესაბამისად, ინვესტორებისთვის$71,25 მილიონი და €26,5 მილიონი უნდა გადაერიცხა.

როგორც გამოცემა წერს, თუ 30 დღის განმავლობაში თანხა ინვესტორების ანგარიშზე არ ჩაირიცხება, უცხოური ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო რუსეთში დეფოლტი გამოცხადდება.


ობლიგაცია არის მთავრობების, კომპანიების, ბანკების, კომუნალური და სხვა მსხვილი პირების მიერ გაცემული ფიქსირებული საპროცენტო ფინანსური აქტივი. ეს არის ფასიანი ქაღალდი, რომელიც გამომშვები იურიდიული პირის, ანუ ემიტენტის სასესხო ვალდებულებაა. ობლიგაციის მფლობელი, იგივე ინვესტორი იღებს მასზე მითითებულ ნომინალურ ღირებულებას, წინასწარ განსაზღვრულ ვადაში. ასევე – სარგებელს, დადგენილი პერიოდულობით. ობლიგაციის გამოშვებით ემიტენტი იღებს ვალს, რომელსაც, როგორც წესი, კუპონების გაცემით და ობლიგაციის დაფარვის მომენტში სრული თანხის დაბრუნებით ფარავს.

დეფოლტი (ინგლისურად default) აღებული ვალების ვერ ან არდაბრუნებას ნიშნავს. ტერმინი დეფოლტი გამოიყენება მაშინაც, როცა შესაძლოა, მოვალეს ვალის გადახდაზე სრულად არ უთქვამს უარი, მაგრამ დროებით ვალის მომსახურება არ შეუძლია, ვერ ფარავს დარიცხულ მიმდინარე პროცენტს და ვალის ძირის წილს.

დეფოლტი შეიძლება, გამოაცხადოს როგორც ფიზიკურმა პირმა, ასევე კომპანიამ და ქვეყანამ. ყველაზე ხშირად ტერმინი დეფოლტი სწორედ ქვეყანასთან მიმართებით გვხვდება. ადამიანის ან კომპანიის მიერ ვალის ვერგადახდისას უფრო ტერმინ „ბანკროტს“, იმავე  გაკოტრებულს იყენებენ.


უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ და დასავლური სანქციების შედეგად უცხოურმა კომპანიებმა რუსეთის ბაზარზე საქმიანობის შეჩერებისა და გასვლის შესახებ განაცხადეს. იელის უნივერსიტეტის მონაცემებით ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის ბაზარის დატოვბის ან საქმიანობის შეჩერების შესახებ 400-მა კომპანიამ განაცხადა. სია განახლებადია.