ევროკავშირი რუსული ნავთობის ემბარგოზე ვერ შეთანხმდა, თუმცა კონსენსუსის მიღწევას კვლავ შეეცდება - Reuters

ევროკავშირი რუსული ნავთობის ემბარგოზე კვირას ვერ შეთანხმდა. დიპლომატები კონსენსუსის მიღწევა 30-31 მაისის სამიტის წინ კვლავ შეეცდებიან. ამ ინფორმაციას Reuters-ი ევროკავშირის ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-6 პაკეტი 4 მაისს წარადგინა. ეს პაკეტი რუსეთიდან ნავთობის იმპორტს სრულად აკრძალავს.

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა, ჯოზეფ ბორელმა 25 მაისს განაცხადა, რომ ევროკავშირი რუსული ნავთობის სრულ ემბარგოზე ვერ შეთანხმდა.

„ამ დროისთვის ჩვენ ევროკავშირში არ გვაქვს ერთიანი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით. ნავთობისა და გაზის ემბარგოს შესახებ საბოლოო წინადადება ჯერ არ განიხილება. ევროკავშირის ყველა ქვეყანა მუშაობს რუსულ ნავთობსა და გაზზე დამოკიდებულების შესამცირებლად. ევროკავშირი შეძლებს, საბოლოოდ შეამციროს თავისი დამოკიდებულება. რაღაც მომენტში ეს მოხდება და მაშინ, რუსეთი მტკივნეულად იგრძნობს, რომ ნავთობისა და გაზის ბიზნესიდან შემოსავალი იკარგება“, - აღნიშნა ჯოზეფ ბორელმა.

მეექვსე პაკეტის ამოქმედება უნგრეთმა შეაჩერა, რომელიც ამბობს, რომ ნავთობის ემბარგო იქნება დიდი დარტყმა მისი ეკონომიკისთვის, რადგან არ შეუძლია, ნავთობი სხვა რესურსებიდან მარტივად მიიღოს. მსგავსი შეშფოთება სლოვაკეთმა და ჩეხეთმაც გამოთქვეს.

ცნობისთვის, მეექვსე პაკეტი ასევ მოიცავს რუსეთის უმსხვილესი ბანკის, Sberbank-ის (SBMX.MM) გარიცხვას SWIFT-ის სისტემიდან, რუსული მაუწყებლების აკრძალვას და მეტი ადამიანის დამატებას იმ პირთა სიაში, რომელთა აქტივები გაყინულია.

ნავთობის ემბარგოზე მოლაპარაკებები ერთი თვის განმავლობაში პროგრესის გარეშე მიმდინარეობდა. ლიდერები ცდილობენ, შეთანხმებას სამიტზე მიაღწიონ, რათა განხეთქილება თავიდან აიცილონ.