კვლევა: რუსული კომპანიების 86%-ი ამბობს, რომ სანქციების გავლენა იგრძნო

რუსეთის ფედერაციაში, ბიზნესკომპანიებმა აშშ-ის, ევროკავშირისა და სხვა ქვეყნების სანქციების გავლენა უკვე იგრძნეს.

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან არსებული კომისრის ოფისის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ სანქციები შეეხო რუსული კომპანიების 86%-ზე მეტს. კვლევის შესახებ, ინფორაციას რუსული მედია ავრცელებს.

ამ დოკუმენტის საფუძველზე, დაწესებული სანქციებით დაზარალებული კომპანიების 77,4%-მა შეძლო ადაპტაცია, მაგრამ 11,7%-მა ეს ვერ მოახერხა და ბიზნესი მთლიანად ან ნაწილობრივ შეაჩერა. გამოკითხულთა 67,1%-მა განაცხადა, რომ გრძნობს ეკონომიკური ვარდნის შედეგებს.

კვლევისთვის გამოკითხული მეწარმეების მხოლოდ 10.4%-მა განაცხადა, რომ მათი ბიზნესი კვლავ სტაბილური და მზარდია.

იმ პრობლემებს შორის, რომლებიც გავლენას ახდენს ბიზნესზე, გამოკითხულთა 62.2%-მა დაასახელა მოთხოვნის შემცირება, „შემდეგ მოდის საბრუნავი კაპიტალის დეფიციტი და ნაღდი ფულის ხარვეზები, მიწოდების ჯაჭვის მოშლა და იმპორტის მიწოდების სირთულეები“. კომპანიების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ რუსეთის ფედერაციის მთავრობა საკმარისს არ აკეთებს იმისთვის, რომ ბიზნესმა სანქციების ქვეშ იმუშაოს, 35% კი ხელისუფლების ქმედებებს ეფექტურად მიიჩნევს.


უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ და დასავლური სანქციების შედეგად უცხოურმა კომპანიებმა რუსეთის ბაზარზე საქმიანობის შეჩერებისა და გასვლის შესახებ განაცხადეს. იელის უნივერსიტეტის მონაცემებით ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის ბაზარის დატოვბის ან საქმიანობის შეჩერების შესახებ 400-მა კომპანიამ განაცხადა. სია განახლებადია.