ევროკავშირის ლიდერებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-6 პაკეტზე შეთანხმებას გუშინ გვიან ღამით მიაღწიეს.
სანქციები ითვალისწინებს რუსეთის წინააღმდეგ ნაწილობრივ ნავთობემბარგოს და „სბერბანკის“SWIFT-ის სისტემიდან გათიშვას. „ევროკავშირში რუსული ნავთობის ექსპორტის აკრძალვაზე მიღწეული შეთანხმება, რუსეთის ომის მანქანის დაფინანსების წყაროს შეამცირებს. ომის შეჩერების მიზნით რუსეთზე მაქსიმალური ზეწოლა უნდა განხორციელდეს“, - დაწერა ევროპული საბჭოს ხელმძღვანელმა შარლ მიშელმა Twitter-ზე.
სანქცირებას ექვემდებარება რუსული ნავთობის ზღვით მიწოდება. ევროკავშირის გადაწყვეტილებით, სანქციები არ შეეხება ნავთობსადენ „დრუჟბას“, რომელზეც დიდწილადაა დამოკიდებულია უნგრეთი. სწორდ ამ ნავთობსადენით მიეწოდება ქვეყანას ნედლი ნავთობი. ამასთან, ცნობილია, რომ უნგრეთმა გაუწია ყველაზე დიდი წინააღმდეგობა რუსეთისთვის სრული ნავთობემბარგოს დაწესებას.
შარლ მიშელმა შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსული ნავთობის მილსადენების გავლით იმპორტი დროებითია.
„სანქციების პაკეტი მოიცავს სხვა მკაცრ ზომებს: რუსეთის უმსხვილესი ბანკის, Sberbank-ის SWIFT-ისგან გამორთვას, კიდევ სამი რუსული სახელმწიფო მაუწყებლის საქმინობის აკრძალვას და სანქციების დაწესებს უკრაინაში ომის დანაშაულებში პასუხისმგებელი პირებისთვის“, - დაწერა შარლ მიშელმა Twitter-ზე.
ლიდერები ასევე შეთანხმდნენ უკრაინისთვის 9 მილიარდი ევროს მიკროსაფინანსო დახმარების გამოყოფაზე, რაც ევროპელი ლიდერების თქმით, უკრაინის ხელახლა აშენებას მოხმარდება.
„ჩვენ გვინდა, შევაჩეროთ რუსეთის ომის მანქანა და მივიღოთ ზომები, რომლებიც ხელს შეუწყობს რუსული არმიის დაფინანსების შეწყვეტას. ამის გაკეთება სანქციებითაა შესაძლებელი. მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ ევროკავშირმა შეძლო მიეღწია შეთანმხებისთვის სანქციების მეექვსე პაკეტთან დაკავშირებით. შეთანხმებული ზომები რუსულ ნავთობზე ემგარგოს დაწესების შესაძლებლობას გვაძლევს მილსადენით მიწოდებულ ნავთობზე დროებითი გამონაკლისის გათვალისწინებით. აღნიშნული გადაწყვეტილებით ევროპა შეძლებს რუსული ნავთობის მიღება 90 %-ით შეამციროს.
მინდა, ყველა ჩემს კოლეგას დიდი მადლობა გადავუხადო. ჩვენ გვჭირდება დროულად გადაწყვეტილებების მიღება შექმნილ რთულ ვითარებაში. ვფიქრობ ძალიან სერიოზულ სიგნალს ვაგზავნით. ბოლო დღეებში იყო სპეკულაციები ერთიანობის დარღვევის რისკებთან დაკავშირებით. დღეს ერთიანობის დემონსტრირება აუცილებელია ისე, როგორც არასდროს. ჩვენ ვართ ერთიანი. მტკიცედ ვიცავთ ევროპულ ღირებულებებს, ჩვენს ინტერესებს“, - განაცხადა შარლ მიშელმა.
Bloomberg-ის ცნობით, რუსულ ნავთობზე არასრული ემბარგოს დაწესების შედეგად, უნგრეთს, რომელიც რუსული ნავთობის აკრძალვის წინააღმდეგია, მეტი დრო ექნება ტექნიკური გადაწყვეტილების მოსაძებნად მისი ენერგეტიკული საჭიროებების დაკმაყოფილებისთვის. ევროკომისია ასევე ითვალისწინებს სლოვაკეთისა და ჩეხეთის შეშფოთებას, რომლებიც ძირითადად რუსულ ნავთობზე არიან დამოკიდებულნი.
როგორც ცნობილია, შეერთებულმა შტატებმა და სხვა ქვეყნებმა რუსული ნავთობპროდუქტები მოსკოვის უკრაინაში შეჭრის გამო აკრძალეს, ხოლო სხვებმა ტვირთების შეძენას მომავალი სანქციების შიშით აირიდეს თავი.
შეგახსენებთ, ლიეტუვა ევროკავშირში პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც დაახლოებით ერთი თვის წინ რუსული ნავთობპროდუქტების აკრძალვის შესახებ გამოაცხადა. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები, რუსეთის წინააღმდეგ სრულ ნავთობემბარგოზე ჯერჯერობით ვერ შეთანხმდნენ.
- გაზსადენი GIPL-ი, ბალტიის რეგიონისა და პოლონეთის ენერგოუსაფრთხოების გასაძლიერებლად, ვადაზე ადრე გაიხსნა
- გამარჯვება მოითხოვს რუსულ ნავთობზე ემბარგოს, ტანკებს, თვითმფრინავებს და არტილერიას - მიხაილო პოდოლიაკი
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.