კატარში ქართული ღვინის ექსპორტი პირველად განხორციელდა

კატარში საქართველოს საელჩოსა და კატარის სადისტრიბუციო კომპანიას შორის (Qatar Distribution Company) ხანგრძლივი თანამშრომლობისა და მუშაობის შედეგად, საქართველოდან კატარში ქართული ღვინის ექსპორტი პირველად განხორციელდა. ინფორმაციას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნული სადისტრიბუციო კომპანია (QDC – Qatar Distribution Company) კატარში ალკოჰოლური სასმელებით ვაჭრობისა და იმპორტის ექსკლუზიური ლიცენზიის მფლობელია.

„27 მაისიდან კატარის სადისტრიბუციო კომპანიის ქსელში 12 სხვადასხვა დასახელების ქართული ღვინო განთავსდა. სულ მალე ქართული ღვინო განთავსდება დოჰაში არსებულ ხუთვარსკვლავიან სასტუმროებშიც და ალკოჰოლისათვის ნებადართულ სივრცეებში.

კატარის სადისტრიბუციო კომპანიაში ქართული ღვინის კუთხე კატარში საქართველოს ელჩმა, ნიკოლოზ რევაზიშვილმა და სადისტრიბუციო კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, გარეტ კოგანმა ერთობლივად გახსნეს.

ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ცნობადობის ამაღლების მიზნით, კატარში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ქ. დოჰაში, სასტუმროში Ritz Carlton ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა. ღონისძიებას კატარში აკრედიტებული სხვადასხვა ქვეყნის ელჩები, ასევე, ჰორეკა სექტორისა და ადგილობრივი ბიზნესწრეების წარმომადგენლები დაესწრნენ. ღონისძიების ფარგლებში, სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ, ქართული ღვინის კულტურასა და ისტორიას გაცნობოდნენ, ასევე, დაეგემოვნებინათ ქართული ღვინო და ქართული ტრადიციული კერძები.

კატარის ადგილობრივ ბაზარზე ქართული ღვინის პოპულარიზაცია და ექსპორტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ კატარი 2022 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელია, რომლის დროსაც კატარს მილიონობით სხვადასხვა ქვეყნის ვიზიტორი ეწვევა“, – ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.