სამი კრიტერიუმიდან ერთი, რომელზეც ევროკავშირი კანდიდატის სტატუსის მინიჭებისას ყველაზე დიდ ყურადღებას ამახვილებს

საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატობაზე ევროკომისიის დასკვნას დაახლოებით ერთ კვირაში ელის. მმართველი გუნდი თვლის, რომ ევროკავშირს საქართველოსთვის კანდიდატობაზე უარის თქმის არავითარი მიზეზი არ აქვს. 30 მაისს, ევროკავშირის გზავნილი გაახმოვანა ელჩმა კარლ ჰარცელმა, რომელმაც განაცხადა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს შეეძლო, უკეთ მომზადებული შეხვედროდა ამ ისტორიულ მომენტს.

რას ნიშნავდა ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის გზავნილი ევროკომისიის შეფასებამდე რამდენიმე დღით ადრე და რა მოლოდინების საფუძველს იძლევა ეს შეფასება, პირველ რიგში რაზე ამახვილებს ყურადღებას ევროკავშირი, როდესაც საქმე ეხება კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და როგორია სხვა ქვეყნების მაგალითები, ამ და სხა საკითხებზე, Europetime „ღია საზოგადოების ფონდის“ ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერს ივანე ჩხიკვაძეს ესაუბრა.

ივანე ჩხიკვაძე თვლის, რომ ევროკავშირის ელჩის განცხადება საყურადღებოა იმ თვალსაზრისით, თუ რა პერიოდშიც წამოვიდა ეს გზავნილი. აქედან გამომდინარე, ვარაუდობს, რომ ევროკომისიის მიერ დადებულ დასკვნაში გარკვეულწილად იქნება გაზიარებული ის პათოსი, რაზეც ელჩმა ისაუბრა, რადგან ეს არის ის ინფორმაცია, რომელსაც საელჩო აგროვებს და შემდეგ ბრიუსელს აწვდის.

„შესაბამისად, მე ვფიქრობ, შეიძლება, ყველაფერი არა, მაგრამ მისი შეფასებების ნაწილი აისახოს ევროკომისიის დასკვნაში. რაც შეეხება იმას, თუ როგორი შეიძლება, იყოს დასკვნა, ჯერჯერობით რთულია ამის პროგნოზირება. შეგვიძლია, რამდენიმე ვარიანტზე გავამახვილოთ ყურადღება: პირდაპირ კანდიდატის სტატუსის მინიჭება; პირობებით კანდიდატის ან პოტენციური კანდიდატის სტატუსის მინიჭება; კანდიდატის სტატუსი და პირობები“, - აღნიშნავს „ღია საზოგადოების ფონდის“ ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი და მიუთითებს ძირითად კრიტერიუმებზე, რომელსაც ევროკავშირისგან ექცევა ყურადღება, როდესაც საქმე ეხება კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.

 

„სულ არის სამი კრიტერიუმი - პოლიტიკური, ეკონომიკური, სექტორალური. როცა საუბარია ქვეყნისთვის კანდიდატის სტასუსის მინიჭებაზე, ამ ორი კრიტერიუმიდან ყველაზე დიდი ყურადღება გადატანილია პოლიტიკური ნაწილზე. შესაბამისად, ევროკავშირის ელჩის გამოსვლაც იყო პოლიტიკურ ნაწილზე საუბრით გაჯერებული. თუ გადავხედავთ პირობებს, რომლებიც მაგალითად, ალბანეთს, ასევე, ბოსნია და ჰერცოგოვინას შესთავაზეს, ყველა პირობა არის წმინდად პოლიტიკური. მაგალითად, არჩევნების ჩატარება, ომბუდსმენის დანიშვნა და ასე შემდეგ. ანუ, ქვეყანაზე მორგებული პირობებია“. 

სხვა ქვეყნების მაგალითი

ივანე ჩხიკვაძე დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების მაგალითს გამოყოფს. „ევროკავშირისკენ მიმავალი ყველა ქვეყნის გზა განსხვავებულია. ალბათ, ამ კუთხით საყურადღებოა დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები, ამ თვალსაზრისით, თუ შეიძლება ითქვას, ყველაზე კარგი ისტორია აქვს ჩრდილოეთ მაკედონიას, რომელსაც 2005 წელს, კანდიდატის სტატუსი ყოველგვარი პირობების გარეშე პირდაპირ მიანიჭეს. არის ისტორია, რომელიც უკავშირდება სერბეთს და მონტენეგროს, რომელთაც ასევე მიანიჭეს კანდიდატის სტატუსები, ოღონდ - პირობებით. და, ითქვა, რომ შემდგომი წინსვლისთვის პირობები უნდა დააეკმაყოფილებინათ. ასევე, პოტენციური კანდიდატის სტატუსი ჰქონდა ალბანეთს - მან დააკმაყოფილა პირობები, შემდგომ წავიდა წინ, დღეს უკვე კანდიდატია და მოლაპარაკებების გახსნას ელოდება.

ბოსნია და ჰერცოგოვინას დღემდე არის პოტენციური კანდიდატი და ასევე, კოსოვო ჯერჯერობით ითვლება პოტენციურ კანდიდატად, მაგრამ მასთან დაკავშირებით ბევრი კითხვის ნიშანია, როგორ განვითარდება მისი და ევროკავშირის ურთიერთობები, იმიტომ, რომ ევროკავშირის 5 ქვეყანა კოსოვოს დამოუკიდებლობას არ აღიარებს.

ცოტა განსხვავებულია თურქეთის შემთხვევა (23 წლის წინ მიენიჭა კანდიდატის სტატუსი. რედ.) იქედან გამომდინარე, რომ თურქეთის მხრიდან ნაკლებია ინტერესი და ენთუზიაზმი, რომ ევროკავშირისკენ წავიდეს. ნამდვილად განსხვავდება დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებისგან, იგივე ჩრდილოეთ მაკედონიისგან, რომელიც ილტვის, რომ ევროკავშირის წევრი გახდეს“, - აღნიშნავს „ღია საზოგადოების ფონდის“ ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი.

 „ასოცირებული ტრიოს“ მიზნები და რუსეთ-უკრაინის ომის გავლენა

ამ შემთხვევაში ივანე ჩხიკვაძე რეგატას, შეჯიბრებითობის პრინციპის შემოტანას ელის.

„მაგალითად, ზოგიერთი ქვეყანა წინ წავა, შემდეგ შეიძლება, სხვა დაეწიოს და გაასწროს მას. ტრიოს დაშლას მე არ ველოდები. უბრალოდ, სხვადასხვა დონეზე იქნებიან. მაგალითად, მოლდოვა იყო პირველი, რომელმაც ვიზალიბერალიზაცია მიიღო, მას მიჰყვნენ საქართველო და უკრაინა. მოწინავე ქვეყნის სტატუსი ერთი პერიოდი ჰქონდა მოლდოვას, მერე - უკრაინას, საქართველოს. სამწუხაროდ, ჩვენ ეს სტატუსი დავკარგეთ და გადაიბარა სხვამ.

იმედია, EU კითხვარის პასუხებიც საჯარო იქნება – ვანო ჩხიკვაძე

ამაში ტრაგედია არაფერია, უკეთესია შეჯიბრებითობის პრინციპის არსებობა, რასაც ხშირად იყენებს ხოლმე ევროკავშირი, როდესაც რეგიონულ პოლიტიკას აწარმოებს. ასე იყო ვიშეგრადის, ბალტიისპირეთის ქვეყნების შემთხვევაშიც. ეს არის მიდგომა, რომელსაც ევროკავშირი ყოველთვის იყენებდა და ვფიქრობ, ამას ასოცირებული ტრიოს შემთხვევაშიც გამოიყენებს“, - მიიჩნევს ღია საზოგადოების ფონდის“ ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ივანე ჩხკივაძე. 

დასკვნა

„მოლოდინი ძალიან მაღალია -  პირველ რიგში საინტერესოა, რა გადაწყვეტილება იქნება და შემდეგ - რამდენად შევძლებთ ამ მოლოდინების ზუსტად მართვას, რომ იმედგაცრუება არ გამოიწვიოს, ეს იქნება ამ ეტაპზე მნიშვნელოვანი. ყოველ შემთხვევაში - უარი გამორიცხულია, ყველა ვარიანტში პირობები იქნება ჩადებული დასკვნაში. მთავარია, რა პირობებს მივიღებთ და როგორ. მე ვფიქრობ, რომ იქნება ერთგვარი საგზაო რუკა, რომლის შესრულებაც გადაგვადგმევინებს შემდგომ ნაბიჯს ევროკავშირისკენ.

ვფიქრობ, პასუხები მოლდოვისგან და უკრაინისგან განსხვავებული იქნება, თუმცა - დიდად არა. დიფერენციაცია მოსალოდნელია. განსაკუთრებით, უკრაინას თუ ავიღებთ, მოგეხსენებათ, მიმდინარეობს კიდეც საუბრები, რომ გარკვეული დიფერენციაცია მოსალოდნელია.

როცა ვერსალის დეკლარაცია მიიღო ევროპულმა საბჭომ, იქაც კი უკრაინა იყო გამოკვეთილი. ამრიგად, ეს დიფერენციაცია მოსალოდნელია და ამის მოლოდინი ჩვენ უნდა გვქონდეს, ყოველ შემთხვევაში ეს გვესმის დედაქალაქებიდან, მათ შორის ბრიუსელიდან, სახელმწიფო მეთაურების დონეზე“, - აღნიშნავს ღია საზოგადოების ფონდის“ ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ივანე ჩხკივაძე. 

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს 10 მაისს გადასცა. კითხვარის მეორე ნაწილის გადაცემის შემდგომ, ევროკომისია იწყებს საკუთარი შეფასების ანგარიშის მომზადებას, რომელიც ევროკავშირის საბჭოს გადაეცემა და საბჭო შესაბამის გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, ივნისის ბოლოს მიიღებს.