აშშ-მა სანქციები დაუწესა ალექსეი მორდაშოვს, სერგეი როლდუგინს, მარია ზახაროვას და რამდენიმე რუსი მინისტრს

აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტმა უკრაინაში შეჭრის გამო, რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა. გაფართოვდა სანქცირებულთა სია, რომელთა შორისაა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი და კრემლის პროპაგანდისტი, მარია ზახაროვა.

ასევე, სანქცირებულია რუსეთის ფედერაციის ტრანსპორტის მინისტრი, ვიტალი საველიევი და ეკონომიკური განვითარების მინისტრი მაქსიმ რეშეტნიკოვი. სანქცირებულთა სიაში მოხვდა მონაკოში დაფუძნებული იახტების კომპანია Imperial Yachts-იც, რომელსაც მოსკოვში დაბადებული ევგენი კოჩმანი აკონტროლებს. ეს კომპანია რუს ოლიგარქებს ემსახურება.

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილ სანქცირებულთა სიაშია პუტინთან დაახლოებული ჩელისტი სერგეი როლდუგინი, ბიზნესმენი ალექსეი მორდაშოვი და მისი ცოლი, გოდ ნისანოვი და მორდაშოვის ორი შვილი. სიაში არის რუსეთის ერთი ფედერალური მინისტრი, ირეკ ფაიზულინი, რომელიც საბინაო-კომუნალურ საქმეებს განაგებს და კიდევ რამდენიმე კრემლთან დაახლოებული როგორც ბიზნესის, ისე სახელმწიფო კომპანიების წარმომადგენლები.


შეგახსენებთ, რომ უკრაინაზე ფართომასშტაბიანი ომის წამოწყების შემდეგ, ევროკავშირმა, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და სხვა სახელმწიფოებმა რუსეთის ეკონომიკის და საფინანსო სექტორებს, ხელისუფლების წარმომადგენლებს და მათთან დაახლოებულ ბიზნესმენებს სანქციები დაუწესეს.