საპატიმროში მყოფ ყირგიზეთის ყოფილ პრეზიდენტს პროკურატურა მორიგ ბრალდებას წაუყენებს, 2010 წელს ეთნიკურ ნიადაგზე მომხდარ შეტაკებასთან მისი კავშირის გამო, რასაც დაახლოებით 450 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
რადიო თავისუფლების ყირგიზულ სამსახურს ატამბაევის ადვოკატმა, ზამირ ჯოშევმა გაუცხადა, რომ ოფიციალური განცხადება მორიგ ბრალდებასთან დაკავშირებით მოგვიანებით გახდება ცნობილი. ბრალდება სერიოზულია, მაგრამ მისი კანონიერება საეჭვოა დანაშაულის ვადის გამო, აღნიშნა ალმაზ ატამბაევის ადვოკატმა.
ატამბაევი 2019 წლის 9 აგვისტოს დედაქალაქ ბიშკეკის მახლობლად მდებარე კოი-ტაშის დასახლებაში, მის მომხრეებსა და სამართალდამცველებს შორის ერთდღიანი დაპირისპირების შემდეგ დააკავეს. შეტაკების დროს ერთი სამართალდამცველი დაიღუპა, 79 - დაიჭრა.
ამ საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს. საქმეში, ატამბაევის გარდა, 13 ბრალდებული ფიგურირებს.
დღეისთვის, ატამბაევი 2020 წელს გამოტანილი განაჩენის საფუძველზე 11-წლიან საპატიმრო სასჯელს იხდის. სასამართლომ ყირგიზეთის ყოფილი პრეზიდენტი თანამდებობის ბოროტად გამოყენებით ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის, აზიზ ბატუკაევის გათავისუფლებისთვის ცნო დამნაშავედ. ალმაზბეკ ატამბაევი დროებითი მთავრობის ხელმძღვანელი იყო 2010 წელს, როდესაც ადგილობრივ ყირგიზებსა და უზბეკებს შორის ოშსა და ჯალალ-აბადში სისხლიანი დაპირისპირება მოხდა.