ყირგიზეთში კორუფციის ბრალდებით ჯანდაცვის მინისტრი დააკავეს

ყირგიზეთის გენერალურმა პროკურატურამ 2 ივნისს, კორუფციის ბრალდებით ჯანდაცვის მინისტრი ალიმკადირ ბეიშენალიევი დააკავა. უწყებამ მომხდარზე სპეციალური განცხადება გაავრცელა.

გენერალური პროკურატურის ცნობით, 2020 წლის დეკემბრიდან 2021 წლის სექტემბრამდე ყირგიზეთმა 451 ათას 560 დოზა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა დახმარების სახით საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, რუსეთიდან, ჩინეთიდან და აზერბაიჯანიდან მიიღო. მოგვიანებით ყირგიზეთის პრეზიდენტმა მიაღწია შეთანხმებას ქვეყნის ხელმძღვანელებთან.

ამასთან, ზედამხედველი ორგანოს თანახმად, მინისტრმა გასცა 1,5 მილიარდი სომის ღირებულების კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების შეძენის განკარგულება, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში საკმარისი რაოდენობით იყო სხვა სახელმწიფოების დახმარებით მიღებული წამლები. გამოძიების ინფორმაციით, საბიუჯეტო თანხები ოფშორულ ზონაშია გატანილი.

შედეგად, ზედამხედველობის ორგანო აღნიშნავს, რომ ჰუმანიტარული დახმარების სახით მიღებული ვაქცინების და შეძენილი წამლის არსებობის გამო, წარმოიქმნა ჭარბი რაოდენობა და ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო 243 223 დოზა გამოუსადეგარი გახდა.

გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, სახელმწიფოსთვის მიყენებული ზარალი მილიარდ 581 მილიონ 474 ათას სომად არის შეფასებული. სისხლის სამართლის საქმე „კორუფციის“ მუხლით აღიძრა. გარდა ამისა, ყირგიზეთის გენერალური პროკურატურა იტყობინება, რომ ბეიშენალიევისა და სხვა თანამდებობის პირების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის ფაქტებზე მიმდინარეობს კიდევ ხუთი სისხლის სამართლის საქმე.

მინისტრ ალიმკადირ ბეიშენალიევის ადვოკატებს გენერალური პროკურატურის ბრალდებებზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.