შოიგუ: ბერდიანსკის და მარიუპოლის პორტები მზადაა მარცვლეულის გადასაზიდად

მარიუპოლისა და ბერდიანსკის საზღვაო პორტები ნორმალურად მუშაობს და მზადაა მარცვლეულის გადასაზიდად. ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ 6 ივნისს მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„უზენაესი მთავარსარდლის (რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის) დავალებით, ჩვენ მზად ვართ ამ პორტებიდან მარცვლეულის გადმოსატვირთად”, - განაცხადა შოიგუმ.

მისი თქმით, რუსულმა ჯარებმა უზრუნველყვეს კონტროლი ე.წ დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების მნიშვნელოვან ნაწილზე მდინარე სევერსკი დონეცის მარცხენა სანაპიროზე, ქალაქების კრასნი ლიმანისა და სვიატოგორსკის ჩათვლით. შოიგუს თქმით, რუსული ჯარის კონტროლის ქვეშაა კიდევ 15 სხვა დასახლება.


მანამდე მარცვლეულის დერეფნის საკითხი, პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და რუსეთის და უკრაინის პრეზიდნტებს შორის სატელეფონო საუბრისას ერთ-ერთი მთავარი თემა იყო. თურქეთის პრეზიდენტთან საუბარში პუტინმა გამოთქვა მზადყოფნა უკრაინის პორტებიდან თურქ პარტნიორებთან კოორდინირებულად საქონლის შეუფერხებელ საზღვაო ტრანზიტს, [მათ შორის მარცვლეულს] ხელი შეუწყოს.

თურქული მედიის ცნობით, ზელენსკისთან საუბარში პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ ის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს უკრაინის სოფლის მეურნეობის პროდუქციის საზღვაო ექსპორტისთვის უსაფრთხო დერეფნის შექმნის პროექტს. კერძოდ, ერდოღანმა გამოხატა პოზიტიური დამოკიდებულება თურქეთის მონაწილეობის მიმართ მონიტორინგის ცენტრის ზონაში, რომლის შექმნაც რუსეთის, უკრაინისა და გაეროს მონაწილეობას ითვალისწინებს.

დიპლომატიური წყაროების თანახმად, პუტინი და ზელენსკი მარცვლეულის დერეფნის გასწვრივ თანამშრომლობის საკითხებთან მიმართებით დადებითად არიან განწყობილნი.

უკრაინის პორტებში ხორბლის განბლოკვის რამდენიმე სცენარი იკვეთება, ამ თემაზე Europetime-ის სტატიას გაეცანით.