უკრაინის გენერალური პროკურატურა: რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიედან 61 ტონა ხორბალი მოიპარეს

უკრაინის გენერალური პროკურატურის ცნობით, რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს რეგიონში ერთ-ერთი საწარმოდან 61 ტონა ხორბალი მოიპარეს.

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიების თანახმად, 2022 წლის 26 აპრილს შეიარაღებულმა რუსმა სამხედროებმა ფიზიკური ძალადობის მუქარით გაძარცვეს ერთ-ერთი სასოფლო-სამეურნეო კომპანიის ფილიალი ქალაქ კამენკა-დნეპროვსკაიაში და საწარმოდან მოპარული 61 ტონა ხორბალი და სხვა ქონება GAZ-53 სატვირთო ტრანსპორტით გაიტანეს, რომელიც ამ ფილიალს ეკუთვნოდა.

პროკურატურამ ომის კანონმდებლობისა და წეს-ჩვეულებების დარღვევის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა.


ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსული ჯარები ბომბავენ და ანგრევენ ძირითად ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, ახორციელებენ სარაკეტო და საჰაერო დარტყმებს უკრაინის ქალაქებსა და სოფლებზე. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა.

12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. გაეროს ცნობით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინა 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა.