უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მარცვლეულის ექსპორტის მიზნით, საზღვაო პორტების განბლოკვის შესახებ განცხადება გაავრცელა.
„თუ გავითვალისწინებთ რუსეთის ფედერაციის მიერ ახლახან ნიკოლაევის მარცვლეულის ტერმინალზე განხორციელებულ სარაკეტო დარტყმას, ვერ გამოვრიცხავთ, რომ რუსეთმა ასეთი დერეფანი გამოიყენოს ოდესასა და უკრაინის სამხრეთზე თავდასხმისთვის. სწორედ ამიტომ აუცილებელია უსაფრთხოების ქმედითი გარანტიები საზღვაო მიმოსვლის აღსადგენად“, - აცხადებს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
- ჯოზეფ ბორელი: პუტინის განცხადებები ცინიკური ხდება
- მედია: უკრაინის პორტებიდან ხორბლის ექსპორტისთვის „მარცვლეულის დერეფნის“ საგზაო რუკა შემუშავდა
- რუსმა ოკუპანტებმა ნიკოლაევში სიდიდით მეორე მარცვლეულის ტერმინალი გაანადგურეს
განცხადების თანახმად, ასეთი გარანტიებისთვის აუცილებელია უკრაინისთვის ისეთი შეიარაღების მიწოდება, რომელიც მას საშუალებას მისცემს, საკუთარი სანაპირო დაიცვას ზღვიდან იერიშებისგან.
კიევი ასევე ითხოვს მესამე ქვეყნების სამხედრო-საზღვაო ძალების მიერ შავი ზღვის შესაბამისი აკვატორიის პატრულირებას. განცხადებაში ნათქვამია, რომ კიევი აფასებს თურქეთის ძალისხმევას, რაც უკრაინის პორტების განბლოკვისკენაა მიმართული, მაგრამ მოცემული მომენტისთვის ამ საკითხზე არავითარი შეთანხმება არაა მიღწეული.
მანამდე Bloomberg-მა გაავრცელა ინფორმაცია თურქეთსა და რუსეთს შორის უკრაინის პორტების განბლოკვის საკითხზე წინასწარი შეთანხმების შესახებ, რომლის მიხედვითაც, რუსეთი, სავარაუდოდ, იღებს ვალდებულებას, არ შეუტიოს პორტებს, თუ ისინი ნაღმებისგან გაიწმინდება, დატოვოს გემები მარცვლეულით. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთი გემებს და პორტებს თავს არ დაესხმება.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი თურქეთში სამშაბათს ჩავიდა. მოლაპარაკებები, სავარაუდოდ, უკრაინის პორტების განბლოკვის საკითხს დაეთმობა.
გაერო და მსოფლიოს მრავალი ქვეყანა გამოხატავს შეშფოთებას იმის გამო, რომ რუსეთის საზღვაო შემოჭრის შემდეგ უკრაინიდან მარცვლეულისა და სხვა საკვები ნედლეულის ექსპორტი თითქმის შეუძლებელი გახდა. მიწოდების შეფერხებამ, როგორც ექსპერტები შიშობენ, შეიძლება გამოიწვიოს მარცვლეულის დეფიციტი მსოფლიო ბაზარზე და, შედეგად, შიმშილობის საფრთხის გაზრდა მთელ რიგ განვითარებად ქვეყნებში. გაეროს უშიშროების საბჭოს წინა დღეს გამართულ სხდომაზე ევროკავშირისა და აშშ-ის წარმომადგენლებმა რუსეთი კრიზისული სიტუაციის შექმნაში დაადანაშაულეს.
უკრაინის პორტებში ხორბლის განბლოკვის რამდენიმე სცენარი იკვეთება, ამ თემაზე Europetime-ის სტატიას გაეცანით.