რუსმა ოკუპანტებმა ნიკოლაევში სიდიდით მეორე მარცვლეულის ტერმინალი გაანადგურეს

რუსმა ოკუპანტებმა, ნიკოლაევში სიდიდით მეორე მარცვლეულის ტერმინალი გაანადგურეს. ამის შესახებ ევროკავშირის დიპლომატიის ხელმძღვანელმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, წერს CNN.

„ესაა მორიგი რუსული სარაკეტო დარტყმა, რომელიც ხელს უწყობს გლობალურ სასურსათო კრიზისს. რუსულმა ჯარებმა გაანადგურეს უკრაინის მეორე უდიდესი მარცვლეულის ტერმინალი ნიკოლაევში", -აცხადებს ბორელი.

მისი თქმით. ეს სარაკეტო დარტყმა ეწინააღმდეგება რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ბოლოდროინდელ დაპირებებს რომ უკრაინის პორტებიდან შავი ზღვის გავლით სავაჭრო გემებისთვის უსაფრთხო გადაადგილების შესაძლებლობა გაჩნდებოდა. „დეზინფორმაცია, რომელსაც პუტინი ბრალდებების უარყოფისთვის ავრცელებს, სულ უფრო და უფრო ცინიკური ხდება“, - აღნიშნავს ბორელი.

ნიკოლაევის მერის ალექსანდრე სენკევიჩის თქმით, 4 ივნისს რუსმა დამპყრობლებმა ინფრასტრუქტურულ ობიექტს ცეცხლი გაუხსნეს. შედეგად, ხანძარი გაუჩნდა მარცვლეულისა და ფქვილის საწყობებს. ხანძრის ჩაქრობა 6 ივნისამდე გაგრძელდა. კვირას სოციალურ მედიაში გავრცელებულ სურათებზე ჩანს, რომ ტერმინალი ცეცხლშია გახვეული. ნიკოლაევი უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე ნაყოფიერი მარცვლეულის რეგიონის გვერდით მდებარეობს.


უკრაინის პორტებში ხორბლის განბლოკვის რამდენიმე სცენარი იკვეთება, ამ თემაზე Europetime-ის სტატიას გაეცანით.