ირაკლი კობახიძე: ევროკავშირის მაღალი რანგის ინსტიტუტიც „ფეიკის“ მსხვერპლი ხდება

"უაღრესად შემაშფოთებელია, როდესაც თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთი უმთავრესი სენის, ე.წ. ფეიკის მსხვერპლი ევროკავშირის მაღალი რანგის ინსტიტუტი ხდება", - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც საქართველოს საკითხზე ევროპარლამენტის მიერ რეზოლუციის მიღებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, რეზოლუციაში ვკითხულობთ, რომ ხელისუფლება დღემდე უარს ამბობს მიხეილ სააკაშვილის კერძო კლინიკაში გადაყვანაზე, როდესაც სააკაშვილი დღესაც სწორედ კერძო კლინიკაში იმყოფება. ასევე, რეზოლუციაში ვკითხულობთ, რომ ლექსო ლაშქარავა 5 ივლისს მიყენებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა, როდესაც გარდაცვალების რეალური მიზეზი საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი.

„როგორც მოგეხსენებათ, დღეს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია საქართველოს საკითხზე. კამპანიამ, რომელიც 2012 წლიდან წარმოებს კრიმინალების დასაცავად და ამ კრიმინალების ხელისუფლებაში დასაბრუნებლად, ევროკავშირის ერთ-ერთ უმაღლეს ინსტიტუტამდე – ევროპარლამენტამდე მიაღწია, რაც ძალიან სამწუხარო და შემაშფოთებელია. უაღრესად შემაშფოთებელია, როდესაც თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთი უმთავრესი სენის, ე.წ. ფეიკის მსხვერპლი ევროკავშირის ასეთი მაღალი რანგის ინსტიტუტიც კი ხდება.

პირველ რიგში, შევეხებით არაერთ შედარებით მეორეხარისხოვან ფაქტობრივ უზუსტობასა და ტყუილს, რომელიც კამპანიის მონაწილეებმა ევროპარლამენტის რეზოლუციაში შეაპარეს. მაგალითისათვის, რეზოლუციაში ვკითხულობთ, რომ ხელისუფლება დღემდე უარს ამბობს მიხეილ სააკაშვილის კერძო კლინიკაში გადაყვანაზე, როდესაც სააკაშვილი დღესაც სწორედ კერძო კლინიკაში იმყოფება. ასევე, რეზოლუციაში ვკითხულობთ, რომ ლექსო ლაშქარავა 5 ივლისს მიყენებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა, როდესაც გარდაცვალების რეალური მიზეზი საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი. 2012 წლიდან დღემდე, საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ არც ერთ რეზოლუციაში და ოფიციალურ დოკუმენტში არც ერთი მსგავსი ტყუილი არ გაპარულა. როდესაც კონკრეტული პირები ახერხებენ, ევროპარლამენტის რეზოლუციაში ესოდენ უხეში ფაქტობრივი უზუსტობები და ტყუილები შეაპარონ, ეს უკიდურესად შემაშფოთებელია.

ევროპარლამენტის რეზოლუცია, ძირითადად, აგებულია 5 ივლისის მოვლენების აღწერაზე. როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ხელისუფლებამ არაერთგზის დაგმო ძალადობა ჟურნალისტებზე, რომელიც იყო სრულიად უპრეცედენტო მოვლენა დამოუკიდებელი საქართველოს 30-წლიან ისტორიაში. 2004-12 წლებში ხელისუფლება ძალადობდა ამ ფორმით ჟურნალისტებზე, თუმცა, რიგითი მოქალაქეების მხრიდან ჟურნალისტებზე ძალადობა არც მანამდე და არც მას შემდეგ არ დაფიქსირებულა. სამწუხაროდ, რეზოლუციაში არ არის განმარტებული, რომ გამოძიება დაიწყო 12 სისხლის სამართლის საქმეზე, რის შედეგადაც 31 ადამიანი იქნა დაკავებული ან დაპატიმრებული, რაც, არ გვგონია, რეზოლუციის მხოლოდ ტექნიკური ნაკლოვანება იყოს. 5 ივლისის თემაზე რეზოლუციაში ვკითხულობთ კიდევ ერთ მცდარ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ, თითქოს, 5 ივლისის შემდეგ საქართველოში ჟურნალისტებზე თავდასხმებმა უპრეცედენტო მასშტაბებს მიაღწია. სამწუხაროა, როდესაც ევროპარლამენტის მიერ რეზოლუციის მიღებამდე ამგვარი ფაქტების გადამოწმება არ ხდება. მაგალითისათვის, საქართველოს პარლამენტი და მისი აპარატი სრულიად სხვა სტანდარტით მუშაობს. ნებისმიერი დოკუმენტის დამტკიცებამდე, პარლამენტის აპარატი ყველა ფაქტობრივ გარემოებას ამოწმებს და პარლამენტს თავის დასკვნას სათანადო პროფესიული პასუხისმგებლობით წარუდგენს“, – განაცხადა კობახიძემ.


ასევე წაიკითხეთ:

ევროპარლამენტის რეზოლუცია საქართველოს შესახებ - დეტალურად