აშშ-ის პოზიცია ზოგიერთი ევროპელი ლიდერის განსხვავებულ მიდგომაზე რუსეთის მიმართ

აშშ-ისა და ევროპის პასუხი, ყოველ შემთხვევაში, რუსეთ-უკრაინის ომზე, არის ძალიან ერთიანი და თამამი, მაგრამ როგორ ფიქრობთ, როგორ შეიძლება, გაგრძელდეს ეს ერთობა? რადგან განსხვავებები უფრო და უფრო თვალსაჩინოა. საფრანგეთი, იტალია, გერმანია, საუბრობენ მოლაპარაკებებზე. პრეზიდენტმა მაკრონმა თქვა, რომ ვლადიმერ პუტინი არ უნდა იყოს დამცირებული. მეორე მხრივ, ჩვენ ვხედავთ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს, შეერთებული შტატებს და ამ ჯგუფს სურს, რომ რუსეთი დამარცხებული ნახოს. ამ შეკითხვით მიმართა პოლონელმა ჟურნალისტმა კარენ დონფრიდს.

„ბაიდენის ადმინისტრაცია ძალიან შეშფოთებული იყო 24 თებერვლამდე არსებული ვითარებით. ის, რასაც ჩვენ ვხედავდით, მიუთითებდა ზუსტად უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრაზე, რომელიც შემდეგ ვნახეთ, 24 თებერვალს. ბევრი ჩვენი მოკავშირე იზიარებდა ამ შეფასებას; სხვები - არა. ამრიგად, ვფიქრობ, როდესაც ეს სრულმასშტაბიანი შეჭრა მოხდა ზუსტად ისე, როგორც ჩვენ ვვარაუდობდით, NATO-ს ალიანსისა და აშშ-ის ურთიერთობა პარტნიორებთან ისე გაძლიერდა, როგორც არასდროს. ერთ საინტერესო ამბავზე გავამახვილბ თქვენ ყურადღებას - ევროკავშირიდან ჩემმა კოლეგამ რამდენიმე ჩვენგანს უთხრა, რომ ეს იყო ევროპის 11 სექტემბერი. და ვფიქრობ, განსაკუთრებით ევროპელებისთვის, რომლებსაც არ სჯეროდათ, რომ დღის ბოლოს პუტინი გადაწყვეტდა სრულმასშტაბიან შეჭრას, ეს შოკი იყო.

„ვფიქრობ, საოცარ ერთიანობამდე მივედით არამარტო იმ თვალსაზრისითაც, თუ როგორ შეუძლია NATO-ს, გააძლიეროს საკუთარი თავდაცვა, არამედ ევროკავშირთან თანამშრომლობის კუთხითაც, რათა დავრწმუნებულიყავით, რომ ჩვენ ერთად ვაკისრებთ ხარჯებს რუსეთს, რომ ცხადი გახდეს, რამდენად არასწორია მისი ქმედება. ამრიგად, დიახ, ვფიქრობ, არის ზეწოლა ამ ერთობაზე. და ჩემ თავდაპირველ ნათქვამს რომ დავუბრუნდე, ვფიქრობ, განსხვავებული გაგება იარსებობდა იმის შესახებ, თუ რას გააკეთებდა სინამდვილეში რუსეთი.

მაგრამ ჩვენ მტკიცედ დავიკავეთ ჩვენი პოზიცია, რადგან ამის საფუძველია ის ფუნდამენტური პრინციპები, რომლებსაც ვიზიარებთ - რომ მიუღებელია სხვისი ქვეყნის სუვერენეულ ტერიტორიაზე შეჭრა; რომ თითოეულ ქვეყანას უნდა ჰქონდეს უფლება, აირჩიოს საკუთარი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა. ჩვენ გვჯერა სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ამ პრინციპების და ჩვენ ერთად უნდა დავდგეთ მის დასაცავად. დიახ, იქნება გამოწვევები, მაგრამ ვფიქრობ, ის რაც გვაერთიანებს, ამ ყველაფერს გადაწონის“, - განაგრძო დონფრიდმა.