პრეზიდენტი: ბრიუსელიდან მინდოდა საფრანგეთში, პოლონეთსა და უკრაინაში ჩასვლა, თუმცა უარი მივიღე - თურმე, მთავრობამ ყველაფერი უკვე გააკეთა

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით მან მთავრობისგან საფრანგეთში, პოლონეთსა და უკრაინაში ჩასვლაზე კიდევ ერთი უარი მიიღო. ამის შესახებ პრეზიდენტმა ვიდეომიმართვისას განაცხადა.
 
„ვიმყოფები ბრიუსელში, აქ იტალიიდან ვიზიტის შემდეგ ჩამოვედი იმისთვის, რომ ბოლო ძალისხმევა არ დამეშურებინა, ევროკავშირის ხელმძღვანელობასთან ჩვენი კანდიდატურის მხარდასაჭერად. სამწუხაროდ, ისეთი რეზოლუცია იქნა მიღებული და კიდევ უფრო სამწუხაროდ, ამ რეზოლუციას მოჰყვა ისეთი კომენტარები სახელისუფლო გუნდიდან, რომელიც არ მაძლევს საშუალებას, რომ მე ეფექტურად დავიცვა ჩვენი კანდიდატურა დღეს. 
 
მე მინდოდა ჩასვლა კიდევ საფრანგეთში, პოლონეთში და შესაძლებელია, უკრაინაშიც, რომლის მადლიერიც უნდა ვიყოთ, მაგრამ მივიღე კიდევ უარი ამ მოგზაურობაზე, მე თვითონაც ამ უარის შემდეგ, რადგანაც მითხრეს, რომ თურმე მთავრობამ ყველაფერი უკვე გააკეთა ჩვენი კანდიდატურის მხარდასაჭერად და აღარ იყო საჭირო ზედმეტი აქტიურობა, ჩავთვალე, რომ ალბათ არ არის მიზანშეწონილი, ეს არ არის ის საქმე, სადაც მე შემიძლია მარტო, სადაც შემიძლია, გადავარჩინო მთლიანად მთავრობის უმოქმედობა“, - განაცხადა ზურაბიშვილმა. 
 
პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს ევროპულის გარდა სხვა მომავალი არ აქვს. „არ მჯერა, რომ სხვა მომავალი არსებობდეს საქართველოსთვის თუ არა ევროპული მომავალი - არ მიმაჩნია, რომ ვინმეს უნდა გადავყვეთ ამ პროცესის წინ წასვლაში: არც სააკაშვილს, არც გვარამიას და არც ბიძინა ივანიშვილს“, - აღნიშნა ზურაბიშვილმა.