ექსკლუზივი
- დროა, მაქსიმალურად წინ წავიწიოთ საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მიმართულებით
- დიდი შესაძლებლობა ჩნდება და მნიშვნელოვანია, ნებისმიერი პოლიტიკური შეხედულების მქონე ქართველი გაერთიანდეს ამ შესაძლებლობების გამოყენებისთვის
საფრანგეთის სრულუფლებიან და საგანგებო ელჩს დიეგო კოლასს საქართველოს მიმართ ორი გზავნილი აქვს. ფრანგი დიპლომატი მიიჩნევს, რომ შიდა უთანხმოება გვერდზე უნდა გადაიდოს და განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად, ყველა ერთი მიზნის ირგვლივ გაერთიანდეს. დიეგო კოლასი თვლის, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის კიდევ უფრო დაახლოებისთვის ახალი შესაძლებლობები ჩნდება და ეს შესაძლებლობები ქვეყანამ უნდა გამოიყენოს.
„მჯერა, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის კიდევ უფრო მჭიდრო ურთიერთობისთვის ახალი შესაძლებლობები ჩნდება. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მკაფიოდ გამოხატა თავისი სურვილი, იხილოს პროცესი, რომელიც დაიწყო უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის მიერ წევრობის კანდიდატობაზე განაცხადის გაკეთებით.
ჩვენ ვნახავთ, კომისია როგორი წინადადებით გამოვა, რომ პროცესმა წინ წაიწიოს. ეს დიდი შესაძლებლობაა და მიმაჩნია, რომ მნიშვნელოვანია, ნებისმიერი პოლიტიკური შეხედულების მქონე ქართველის გაერთიანება ამ შესაძლებლობების გამოყენებისთვის.
ამრიგად, ჩემი გზავნილი ორგვარია: პირველი, ახლა, შიდა დაპირისპირების დრო ნამდვილად არ არის. მეორე - დროა, მაქსიმალურად წინ წაიწიოთ ყველა საკითხთან მიმართებით, რაც საქართველოს დემოკრატიულ ინსტიტუტებს გააძლიერებს და რითაც დამაჯერებლად აჩვენებთ, რომ ქვეყანა მზად არის, საკუთარ თავზე აიღოს მომავალი წევრი სახელმწიფოს უფლებები და მოვალეობები“, - განუცხადა საფრანგეთის ელჩმა Europetime-ს.
ცნობისთვის, საქართველო, უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, გადაწყვეტილების მოლოდინში არიან. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს 10 მაისს გადასცა. კითხვარის მეორე ნაწილის გადაცემის შემდგომ, ევროკომისია იწყებს საკუთარი შეფასების ანგარიშის მომზადებას, რომელიც ევროკავშირის საბჭოს გადაეცემა და საბჭო შესაბამის გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, ივნისის ბოლოს მიიღებს. ევროპარლამენტმა 9 ივნიის მიღებული რეზოლუციით მოუწოდა ევროკავშირის ინსტიტუტებს, იმუშაონ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე საქართველოსთვის, ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლის შესაბამისად, დამსახურების საფუძველზე და იმ პირობით, რომ საქართველოს ხელისუფლება შეასრულებს ყველა კრიტერიუმს. უკრაინის შემთხვევაში, ევროპარლამენტმა მიიჩნია, რომ ევროკავშირმა ქვეყანას წევრობის კანდიდატის სტატუსი უნდა მიანიჭოს.