ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში მაიკლ კარპენტერმა Europetime-ის შეკითხვას უპასუხა იმასთან დაკავშირებით, რომ როცა აშშ-ისა და ევროპის პასუხი რუსეთის ომზე უპრეცედენტოდ ერთიანია, რა როლს შეიძლება თამაშობდეს ამ ერთობაზე რიგი განსხვავებული შეფასებები, მაგალითად, პრეზიდენტმა მაკრონმა განაცხადა, რომ რუსეთი არ უნდა იყოს დამცირებული პუტინის ისტორიული შეცდომის მიუხედავად.
„რეალობა ისაა, რომ შეერთებული შტატები, ჩვენი მოკავშირები და დემოკრატიული პარტნიორები ევროპის ფარგლებს გარეთაც კი, რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ პასუხში, ისე ერთიანები არიან, როგორც არასდროს. ევროკავშირმა სანქციების მე-6 პაკეტი მიიღო. აშშ-ის მხრიდანაც მსგავსი რაოდენობის სანქციებს ვხედავთ და, ერთიანი ვართ ჩვენს მიზანში, მხარი დავუჭიროთ უკრაინას როგორც ჰუმანიტარული დახმარებით, ასევე, იარაღით, რომლითაც უკრაინელებს თავის დაცვა შეუძლიათ.
აშშ-ის, NATO-ს და ევროკავშირის გარდა, როცა ვუყურებ აღმოსავლეთ აზიაში ზოგიერთ ჩვენს პარტნიორს, როგორიცაა, იაპონია, ახალი ზელანდია და ავსტრალია, სამხრეთ კორეა, სინგაპური, აშკარაა უზარმაზარი ერთიანობა, რადგან ბოლოს და ბოლოს, ჩვენ აქ მომსწრენი ვართ რუსეთის მიერ არამხოლოდ უკრაინაზე თავდასხმის, არამედ, რუსეთი რეალურად არღვევს გაეროს წესდების და ჰელსინკის დასკვნითი აქტის ყველა ძირითად პრინციპს.
ამრიგად, ვფიქრობ, ქვეყნები მთელ მსოფლიოში ამას არამხოლოდ აგრესიის აქტად, არამედ საერთაშორისო სისტემის წესების ცვლილებად აღიქვამენ. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეულ სიტუაციაში, ტაქტიკაში განსხვავებები მოსალოდნელი იყო, ვფიქრობ, ამ აგრესიის დაგმობის თვალსაზრისით, უზარმაზარი ერთიანობის მომსწრენი ვართ“, - განაცხადა მაიკლ კარპენტერმა.
შეგახსენებთ, საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადებას უკრაინაში კრიტიკული შეფასებები მოჰყვა, მათ შორის პრეზიდენტ ზელენსკისგან.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ ვიდრე ვინმე ითხოვს, რუსეთი არ იყოს დამცირებული, კრემლი ახალ ვერაგულ თავდასხმებს აწარმოებს. მანამდე, საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ რუსეთის დამცირების თავიდან არიდების მოწოდებები მხოლოდ საფრანგეთსა და ყველა იმ სახელმწიფოს ამცირებს, რომლებიც ამას მოითხოვენ.
მაკრონმა საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა, პუტინის ისტორიული შეცდომის მიუხედავად, რუსეთის დამცირება არ დაუშვას, რათა შემდგომი მოლაპარაკებები გაადვილდეს.
9 ივნისს, სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს, კარენ დონფრიდს ჰკითხეს, როგორ შეიძლება, გაგრძელდეს აშშ-ის და ევროპის ქვეყნების ერთობა იქედან გამომდინარე, რომ განსხვავებები უფრო და უფრო თვალსაჩინო ხდება.
„ის, რასაც ჩვენ 24 თებერვლამდე ვხედავდით, მიუთითებდა ზუსტად უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრაზე. ბევრი ჩვენი მოკავშირე იზიარებდა ამ შეფასებას; სხვები - არა. როდესაც ეს სრულმასშტაბიანი შეჭრა მოხდა ზუსტად ისე, როგორც ჩვენ ვვარაუდობდით, NATO-ს ალიანსისა და აშშ-ის ურთიერთობა პარტნიორებთან ისე გაძლიერდა, როგორც არასდროს. ევროკავშირიდან ჩემმა კოლეგამ რამდენიმე ჩვენგანს განუცხადა, რომ ეს იყო "ევროპის 11 სექტემბერი". და ვფიქრობ, განსაკუთრებით ევროპელებისთვის, რომლებსაც არ სჯეროდათ, რომ დღის ბოლოს პუტინი გადაწყვეტდა სრულმასშტაბიან შეჭრას, ეს შოკი იყო. საოცარ ერთიანობას მივაღწიეთ არამარტო იმ თვალსაზრისითაც, თუ როგორ შეუძლია NATO-ს, გააძლიეროს საკუთარი თავდაცვა, არამედ ევროკავშირთან თანამშრომლობის კუთხითაც, რათა დავრწმუნებულიყავით, რომ ჩვენ ერთად ვაკისრებთ ხარჯებს რუსეთს, რომ ცხადი გახდეს, რამდენად არასწორია მისი ქმედება. და ჩემ მიერ თავდაპირველად გაკეთებულ კომენტარს რომ დავუბრუნდე, ვფიქრობ, განსხვავებული გაგება არსებობდა იმის შესახებ, თუ რას გააკეთებდა სინამდვილეში რუსეთი.
მაგრამ ჩვენ მტკიცედ დავიკავეთ ჩვენი პოზიცია, რადგან ამის საფუძველია ის ფუნდამენტური პრინციპები, რომლებსაც ვიზიარებთ - რომ მიუღებელია სხვისი ქვეყნის სუვერენეულ ტერიტორიაზე შეჭრა; რომ თითოეულ ქვეყანას უნდა ჰქონდეს უფლება, აირჩიოს საკუთარი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა. ჩვენ გვჯერა სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ამ პრინციპების და ჩვენ ერთად უნდა დავდგეთ მის დასაცავად. დიახ, იქნება გამოწვევები, მაგრამ ვფიქრობ, ის რაც გვაერთიანებს, ამ ყველაფერს გადაწონის“, - განაცხადა კარენ დონფრიდმა.