განათლების სამინისტრო თსუ-ზე: ვგმობთ პროტესტის გამოხატვის ძალადობრივ ფორმებს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 10 ივნისს განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

„სამინისტროსთვის მიუღებელია ყოველგვარი ძალადობრივი ქმედება და შესაბამისად, გმობს პროტესტის გამოხატვის იმ ძალადობრივ ფორმებს, რომელსაც ადგილი ჰქონდა 10 ივნისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. სამინისტრო პატივს სცემს თითოეული სტუდენტის გამოხატვის თავისუფლებას, თუმცა პროტესტის ძალადობრივი ფორმა დაუშვებელია. იმედს გამოვთქვამთ, რომ ყველა გამოწვევის დაძლევა აკადემიური სასწავლო სივრცისა და საუნივერსიტეტო საზოგადოებისთვის შესაბამის ფორმატში მოხდება“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.


შეგახსენებთ, რომ თსუ-ს პირველ კორპუსში სტუდენტები რამდენიმე კვირაა აქტიური პროტესტის გზას მიმართავენ და 4 მოთხოვნის დაკმაყოფილებას ითხოვენ. რომელთაგან ორი დისტანციურად გამოცდების ჩაბარების უფლების მინიჭება და სტუდენტური საცხოვრებლის ხელმისაწვდომობაა. ისინი 10 ივნისს რექტორის კაბინეტის დაკავებას ცდილობდნენ, რა დროსაც კართან მდგარი დაცვის წევრების ცოცხალი ჯაჭვის გარღვევა დაჭირდათ. დაძაბულობისას, ფიზიკური თავდასხმის მსხვერპლი გახდა პროფესორი რამაზ ხომერიკი, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი. 


მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ სტუდენტების პროტესტისას დაშავდნენ უნივერსიტეტის თანამშრმლები, მათგან 4 კლინიკაში გადაიყვანეს. 


თსუ-ს სტუდენტურმა მოძრაობამ ბოდიში მოიხადა "პროტესტის გამოხატვის თავისუფლების გადამეტებისთვის". ამასთან, აღნიშნა, რომ უნივერსიტეტში განვითარებული მოვლენები მედიამ კონტექსტიდან ამოგლეჯილად, მათ პოლიტიკასა და მიზნებს მორგებული კადრებით გააშუქა.