გერმანიის კანცლერი უკრაინაში ვიზიტს მარიო დრაგისთან და ემანუელ მაკრონთან ერთად გეგმავს - მედია

სამთავრობო წრეებში წყაროები ამბობენ, რომ შოლცი ვიზიტს G7-ის სამიტამდე გეგმავს, რომელსაც გერმანია ივნისის ბოლოს უმასპინძლებს. ამასთან, შოლცი ერთობლივი ვიზიტის შესაძლებლობას საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან და იტალიის პრემიერ მინისტრ მარიო დრაგისთან განიხილავს.

წყარობის თქმით, პარიზისა და ბერლინის მთავრობები უკვე დიდი ხანია აწარმოებენ მოლაპარაკებებს კიევში ერთობლივ ვიზიტზე. იტალიის მთავრობის მეთაურის მესამე მხარედ მოწვევა, სავარაუდოდ, საფრანგეთის იდეა იყო.

„შოლცს, მაკრონს და დრაგის თავიანთი მოგზაურობით ევროპული ერთიანობის დემონსტრირება სურთ.

აღსანიშნავია, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, შოლცს არაერთხელ მოუწოდა, ჩასულიყო კიევში, თუმცა გერმანიის კანცლერი სხვადასხვა მიზეზით ამბობდა უარს უკრაინის დედაქალაქში ჩასვლაზე.

აღსანიშნავია ისიც, რომ შოლცი და მაკრონი კრემლის ლიდერ, ვლადიმერ პუტინთან კავშირს ინარჩუნებენ, იტალიამ კი საკუთარი „სამშვიდობო გეგმა“ შეიმუშავა. ბევრი ექსპერტი თვლის, რომ  აღნიშნული ევროპული ქვეყნები ომის რაც შეიძლება მალე დასრულებას, მათ შორის უკრაინის მხრიდან აგრესორისთვის დათმობების ხარჯზე ცდილობენ.

შეგახსენებთ, საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადებას უკრაინაში კრიტიკული შეფასებები მოჰყვა, მათ შორის პრეზიდენტ ზელენსკისგან.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ ვიდრე ვინმე ითხოვს, რუსეთი არ იყოს დამცირებული, კრემლი ახალ ვერაგულ თავდასხმებს აწარმოებს. მანამდე, საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ რუსეთის დამცირების თავიდან არიდების მოწოდებები მხოლოდ საფრანგეთსა და ყველა იმ სახელმწიფოს ამცირებს, რომლებიც ამას მოითხოვენ.

მაკრონმა საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა, პუტინის ისტორიული შეცდომის მიუხედავად, რუსეთის დამცირება არ დაუშვას, რათა შემდგომი მოლაპარაკებები გაადვილდეს.

9 ივნისს, სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს, კარენ დონფრიდს ჰკითხეს, როგორ შეიძლება, გაგრძელდეს აშშ-ის და ევროპის ქვეყნების ერთობა იქედან გამომდინარე, რომ განსხვავებები უფრო და უფრო თვალსაჩინო ხდება.