გერმანიის კანცლერი კიევში ჩასვლას გეგმავს - მედია

უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან 109 დღის შემდეგ, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი კიევში ჩასვლას გეგმავს. ამის შესახებ Bild უკრაინისა და საფრანგეთის სამთავრობო წყაროებზე დაყრდნობით წერს.

ამ დრომდე შოლცის უკრაინაში ვიზიტის შეახებ ოფიციალური ინფორმაცია არ გავრცელებულა. ამასთან, მედიის ცნობით, შოლცთან ერთად უკრაინაში გერმანიის სახელმწიფოს კიდევ ორი წარმომადგენელი ავა. მანამდე ის დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებში იმყოფებოდა. გერმანიის კანცლერი კოსოვოში, სერბეთში, ალბანეთში, მაკედონიაში, ჩერნოგორიასა და ბოსნია-ჰერცოგოვინაში ჩავიდა. როგორც მედია წერს, მას სურს, რომ პუტინს რეგიონში გავლენის მოპოვების გეგმები ჩაუშალოს.

ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.

14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია.

რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.