ურსულა ფონ დერ ლაიენი: იმედია, 20 წლის შემდეგ, ამ მოვლენების გახსენებისას, ვიტყვით, რომ სწორად მოვიქეცით

„ევროკავშირი ისტორიული გადაწყვეტილების ზღვარზეა, იმედი მაქვს, რომ 20 წელის შემდეგ, როდესაც ამ მოვლენებს გავიხსენებთ, ვიტყვით, რომ სწორად მოვიქეცით“, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა პოლონეთში ვიზიტისას განაცხადა.

ურსულა ფონ დერ ლაიენის აზრით, მთავარი გამოწვევა ევროკავშირის 23-24 ივნისის სამიტზე უკრაინასთან დაკავშირებით ერთიანი პოზიციის მიღწევა იქნება, რაც, ევროკომისიის პრეზიდენტის სიტყვებით, "ამ ისტორიული გადაწყვეტილების მასშტაბებს ასახავს". 

ევროკომისიის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინამ ბევრს მიაღწია ბოლო წლებში, მაგრამ გასაკეთებელი კიდევ ბევრია.


კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის ევროკავშირის 27-ვე წევრი სახელმწიფოს თანხმობაა საჭირო.


28 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტმა ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს მოაწერა ხელი. უკრაინამ განაცხადი ქვეყანაში რუსეთის შეჭრის და სრულმასშტაბიანი ომის ფონზე გააკეთა.