რუსეთმა უკრაინაში ომის დაწყებიდან 100 დღეში, ენერგორესურსების ექსპორტიდან €93 მილიარდი გამოიმუშავა - CREA

უკრაინაში ომის დაწყებიდან 100 დღეში, რუსეთმა ნავთობისა და გაზის ექსპორტიდან €90 მილიარდზე მეტი გამოიმუშავა. რუსული ენერგორესურსების ყველაზე მსხვილი შემსყიდველია ჩინეთი და გერმანია. ამის შესახებ წერს ენერგეტიკის და სუფთა ჰაერის კვლევის დამოუკიდებელი, საერთაშორისო ცენტრი(CREA). მისი სათავო ოფისი ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკიში მდებარეობს.

კვლევის თანახმად, ევროკავშირი რუსული ნავთობისა და გაზის მსხვილი შემსყიდველია. მისმა წილმა შესყიდვაში 24 თებერვალი-3 ივნისის პერიოდში €57 მილიარდი შეადგინა.

  • რუსული ნავთობის ყველაზე მსხვილი იმპორტიორია ჩინეთი (€12,6 მილიარდი),
  • მეორეა გერმანია (€12,1 მილიარდი)
  • მესამე კი იტალია (€7,8 მილიარდი).

რუსეთის მთავარი შემოსავლის წყაროა ნედლი ნავთობი (€46 მილიარდი), საანგარიშო პერიოდში მილსადენით ექსპორტირებული გაზიდან რუსეთმა €24 მილიარდი მიიღო, ნავთობპროდუქტებიდან €13 მილიარდი, თხევადი გაზის გაყიდვებიდან €5,1 მილიარდი, ხოლო ნახშირის ექსპორტიდან €4,8 მილიარდი.


როგორც ცნობილია, შეერთებულმა შტატებმა და სხვა ქვეყნებმა რუსული ნავთობპროდუქტები მოსკოვის უკრაინაში შეჭრის გამო აკრძალეს, ხოლო სხვებმა ტვირთების შეძენას მომავალი სანქციების შიშით აირიდეს თავი. 

შეგახსენებთ, ლიეტუვა ევროკავშირში პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც დაახლოებით ერთი თვის წინ რუსული ნავთობპროდუქტების აკრძალვის შესახებ გამოაცხადა. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები, რუსეთის წინააღმდეგ სრულ ნავთობემბარგოზე ჯერჯერობით ვერ შეთანხმდნენ.