მარიო დრაგი: ევროკავშირის თითქმის ყველა ძირითადი წევრი სახელმწიფო, უკრაინისათვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ეწინააღმდეგება

იტალიის პრემიერ-მინისტრმა, მარიო დრაგმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების საკითხის პროგნოზირება რთულია, რადგან იტალიის გამოკლებით, ევროკავშირის თითქმის ყველა ძირითადი წევრი სახელმწიფო უკრაინისათვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ეწინააღმდეგება.

„კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ ევროკავშირის თითქმის ყველა ძირითადი სახელმწიფო გამოდის. ყველა, იტალიის გამოკლებით. ამ ქვეყნების წინააღმდეგობის გამო, კანდიდატის სტატუსი ამჟამად პროგნოზირებადი არ არის, მაგრამ რაც შეეხება სწრაფ გზას, მეჩვენება, რომ ევროკომისია ეთანხმება ამ პერსპექტივას“, - აღნიშნა მარიო დრაგიმ.


მანამდე, 31 მაისს, ევროკავშირის საბჭომ გამოაქვეყნა ყოვლისმომცველი დოკუმენტი უკრაინაში არსებული ვითარების შესახებ. კერძოდ, ნათქვამია: „ევროკავშირის საბჭო ითვალისწინებს კომისიის მოსაზრებების მომზადებას უკრაინის, ასევე მოლდოვას რესპუბლიკისა და საქართველოს ევროკავშირში წევრობის განაცხადის შესახებ და ამ საკითხს დაუბრუნდება ივნისის შეხვედრაზე“.

28 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტმა ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს მოაწერა ხელი. უკრაინამ განაცხადი ქვეყანაში რუსეთის შეჭრის და სრულმასშტაბიანი ომის ფონზე გააკეთა. უკრაინის შემდეგ გაწევრიანების განაცხადი ოფიციალურად წარადგინეს საქართველომ და მოლდოვამაც.

ირაკლი ღარიბაშვილმა შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი ევროკავშირის ელჩს 10 მაისს გადასცა.


ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.

14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.

რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.