რუსული Nord Stream-ით გაზის გატარების მაჩვენებელი 40%-ით შემცირდა

გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადით“ გაზის გატარების მაჩვენებელი 40%-ით შემცირდა. ამის შესახებ განცხადება რუსული გაზის გიგანტმა „გაზპრომმა“ გაავრცელა და ამის მიზეზად გერმანული კომპანია Siemens-ის მიერ მილსადენის სარემონტო სამუშაოების გაჭიანურება დაასახელა.

„გაზპრომის“ ინფორმაციით, ამ დროისთვის მუშაობს სამი გასაქაჩი აგრეგატი. გაზის მიწოდების მაჩვენებელი 100 მილიონი კუბური მეტრის ფარგლებში იქნება. სრულყოფილი მუშაობისას „ჩრდილოეთის ნაკადით“ 24 საათში 167 მილიონი კუბური მეტრი გაზის გადაქაჩვაა შესაძლებელი. 


„ჩრდილოეთის ნაკადი-1“ 2012 წლიდან ამოქმედდა. გაზის მიწოდება ლენინგრადის ოლქიდან გერმანიაში ბალტიის ზღვის გავლით ხდება. პროექტის აქციათა საკონტროლო პაკეტი რუსეთის სახელმწიფო კორპორაცია „გაზპრომს“ ეკუთვნის.