მოლდოვის რესპუბლიკის მთავრობა გეგმავს, დსთ-ში ქვეყნის წევრობის შესაბამისობის საკითხი განიხილოს. ამის შესახებ PRO TV-ს ეთერში მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნიკუ პოპესკუმ განაცხადა. მინისტრმა განმარტა, რომ სახელმწიფო ხელმძღვანელობა აპირებს, „გააანალიზოს“ როგორც საკანონმდებლო აქტები, ასევე შეთანხმებები დსთ-ში მოლდოვის წევრობის შესახებ.
ეს საკითხი აქტუალური გახდა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის შეიარაღებული აგრესიის ფონზე და იმ დროს, როდესაც მოლდოვის პრიორიტეტია, რომ ევროკავშირში გაწევრიანდეს.
მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ჯერჯერობით დსთ-ში მონაწილეობისთვის სამართლებრივ დაბრკოლებებს ვერ ხედავს, თუმცა, მისმა ქვეყანამ ორგანიზაციაში მონაწილეობის რეალური გავლენის შესაფასებლად მუშაობა დაიწყო.
„ჩვენ გვჭირდება ყოვლისმომცველი ანალიზი ამ ორგანიზაციის საქმიანობაში ჩვენი ქვეყნის მონაწილეობის შესახებ, რომელზეც, უნდა ვაღიაროთ, რომ ძალიან იმოქმედა რეგიონულმა ვითარებამ, რუსეთის აგრესიამ“, - განაცხადა ნიკუ პოპესკუმ.
მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ევროკავშირში ინტეგრაცია მოლდოვისთვის აბსოლუტური პრიორიტეტია.
ინფორმაციისთვის, 2022 წელს, მარტში მოლდოვის მიერ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადის წარდგენის შემდეგ, მოლდოვის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ქვეყანა დსთ-დან გასვლის დროს შეარჩევს და ამას მაშინ გააკეთებს, როდესაც მოლდოვა ევროინტეგრაციის გზაზე საკმარისს პროგრესს მიაღწევს.
მაისში, მოლდოვის პრეზიდენტმა კითხვას, აპირებს თუ არა მოლდოვა დსთ-დან გასვლას, უპასუხა, რომ „ვიდრე ქვეყანას შეუძლია, უპირატესობა მიიღოს ამ შეთანხმებიდან, მან ეს უნდა გააკეთოს“.
„ახლა არსებობს პრობლემები რუსეთთან ურთიერთობებში, მაგრამ დსთ-ში სხვა ქვეყნებიც არიან, რომლებთანაც კომერციული ურთიერთობები გვაქბს. ჩვენ უნდა ვიყოთ პრაგმატულები“, – განაცხადა მაია სანდუმ.
მანამადე, მოლდოვის პარლამენტის სპიკერმა იგორ გროსუმ განაცხადა, რომ უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ, მოლდოვის მთავრობამ ქვეყნის დსთ-ში ყოფნის მიზანშეწონილობაზე უნდა იმსჯელოს.