ტრამპი: გავაუქმეთ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა - ვფიქრობ, სანქციებს აუცილებლად ექნება გავლენა

აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტების, დონალდ ტრამპის და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა, რომელიც უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში უნდა გამართულიყო, არ შედგება. ტრამპმა 22 ოქტომბერს, თეთრ სახლში NATO-ს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან შეხვედრის შემდეგ მედიას განუცხადა, რომ პუტინთან შეხვედრა გააუქმა.


შეერთებული შტატების პრეზიდენტის შეფასებით, შეხვედრა არასწორი იქნებოდა, რადგან შედეგს არ მოიტანდა. ტრამპის განცხადებით, პუტინთან ყოველთვის კარგი საუბრები აქვს, მაგრამ ამას არაფერი მოაქვს. ამასთანავე, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა არ გამორიცხა, რომ შეხვედრა მომავალში შედგება.


„არ მეჩვენებოდა, რომ მივიდოდით იმ ადგილამდე, სადაც უნდა მივსულიყავით, ამიტომ გავაუქმე. მაგრამ ამას მომავალში გავაკეთებთ,“ - დასძინა ტრამპმა.

ტრამპი აღნიშმავს, რომ პუტინთან მისი „კარგი საუბრები“ „არსად არ მიდის.“


„ერთადერთი, რისი თქმაც შემიძლია, არის ის, რომ ყოველ ჯერზე, როცა ვლადიმერთან ვსაუბრობ, კარგი საუბრები მაქვს და შემდეგ, ისინი არსად მიდის,“ - აცხადებს ტრამპი და დასძენს:

„მე ვიტყოდი, რომ შეთანხმების დადების დროა. ბევრი ადამიანი იღუპება."


დონალდ ტრამპს ასევე ჰკითხეს რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობმწარმოებელ კომპანიაზე - „როსნეფტზე“ და „ლუკოილზე“ აშშ-ის მიერ ახლახან გამოცხადებული სანქციების პოტენციურ გავლენაზე.

„ვფიქრობ, რომ მათ აუცილებლად ექნებათ გავლენა. ეს არის მასშტაბური სანქციები და სანქციები ნავთობზე, ორ უდიდეს ნავთობკომპანიაზე," - აღნიშნა ტრამპმა.

ტრამპი იმედოვნებს, რომ პუტინი გახდება გონივრული.


„იმედია, ის [ვლადიმერ პუტინი] გონივრული გახდება და იმედია, [ვოლოდიმირ] ზელენსკიც გონივრული იქნება. ტანგოსთვის ორია საჭირო, როგორც ამბობენ,“ - აღნიშნავს ტრამპი.

რუტე თავის მხრივ, აცხადებს, რომ დღეს უფრო მეტს ისაუბრებენ იმაზე, თუ როგორ შეუძლიათ უკრაინაში-რუსეთის ომის დასრულების „შემდეგ ეტაპზე“ გადაყვანა.