უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რუსეთის ბაზარზე უპილოტო საფრენი აპარატების დეფიციტი შეინიშნება და გარკვეულ სეგმენტებზე ფასები სამჯერ გაიზარდა. ამის შესახებ რუსული „კომერსანტი“ ბაზრის მონაწილეებზე დაყრდნობით წერს.
გაზეთის ერთ-ერთი თანამოსაუბრის თქმით, დეფიციტი ჩინეთის კომპანია DJI-ის მიერ რუსეთში მიწოდების შეწყვეტის გადაწყვეტილებას უკავშირდება, რომელსაც სამომხმარებლო „დრონების“ ბაზრის 90%-ი უჭირავს.
სტრატეგიებისა და ტექნოლოგიების ანალიზის ცენტრის დირექტორმა რუსლან პუხოვმა „კომერსანტს“ განუცხადა, რომ, მისი აზრით, თვითგამოცხადებული DNR და LNR მარაგის შესყიდვის სამოქალაქო ინიციატივებმა ხელი შეუწყო უპილოტო საფრენი აპარატების დეფიციტს.
საშუალოდ, თებერვლიდან მოყოლებული დრონები გაძვირდა 30%-ით (ელექტრონული პროდუქციის ფასების ანალოგიურად, წერს გაზეთი), ამასთან, პროფესიონალური გამოყენების სეგმენტში – მაგალითად, ნავთობისა და გაზის სეგმენტში, საძიებელი და სამაშველო სამუშაოების წარმოების ფასები სამჯერ გაიზარდა. „ის, რაც ადრე ღირდა დაახლოებით 1 მილიონი რუბლი, ახლა იყიდება 3 მილიონ რუბლზე მეტად“, - თქვა ნიკოლაი რიაშინმა, Hive-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, რომელიც დრონოპორტებს აწარმოებს.