გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში 16 ივნისს შეკრებაზე პრეზიდენტის ინიციატივას იწონებს და ევროპის მოედანზე მისვლას გეგმავს.
„საქართველოს პრეზიდენტმა, ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა, ხვალ, 16 ივნისს, 19 საათზე მოსახლეობა მიიწვია ევროპის მოედანზე საქართველოს ევროპული მომავლის მხარდასაჭერად. აღსანიშნავია, როდესაც სახელმწიფოს მეთაური თავის მოქალაქეებს მოუწოდებს, საჯაროდ გამოხატონ თავიანთი პოზიცია ევროპის მიმართ. ხვალ მეც ევროპის მოედანზე ვიქნები, რათა გავხდე ამ ნების გამოხატვის მოწმე“, - აღნიშნულია ელჩის განცხადებაში.
პრეზიდენტმა საზოგადოებას 16 ივნისს შეკრებისკენ მოუწოდა. სალომე ზურაბიშვილმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებსაც მიმართა, შეუერთდნენ ამ შეკრებას. პრეზიდენტმა მიმართა პოლიტიკურ პარტიებს, ვისი მიზანიც ევროპაა, მასთან „ერთად დადგნენ მიკროფონების გარეშე“. შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ 16 ივნისის შეკრების ინიციატივა „სამწუხაროდ, ცოტა მოუმზადებელია, რადგან აქციის ორგანიზება ბევრ რამესთან არის დაკავშირებული“. ოპოზიციის ნაწილი პრეზიდენტის შეთავაზებას იღებს და 16 ივნისის აქციაში მონაწილეობას გეგმავს.