საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ქვეყანაში საარსებო მინიმუმის განახლებული მონაცემები გამოაქვეყნა. განახლებული მონაცემით, მაისში შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი 245.1 ლარს შეადგენს.
საარსებო მინიმუმი 2021 წლის ამ პერიოდში 205.6 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, წინა წლის საარსებო მინიმუმთან შედარებით, 2022 წლის მაისის მონაცემი დაახლოებით 20%-ით მეტია.
საქართველოში საარსებო მინიმუმი მინიმალური სასურსათო კალათის მიხედვით დგინდება, ხოლო მინიმალური სასურსათო კალათის მთელი შემადგენლობის ღირებულება გამოიანგარიშება შემდეგი წესით: საქართველოს ხუთ ქალაქში, კერძოდ, თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, გორსა და თელავში სასურსათო კალათის შემადგენელი პროდუქტისათვის დგინდება საშუალო ფასი, ხსენებული ქალაქების გასაშუალოებული ფასების დათვლის შედეგად მიღებული შედეგები კი მთელი ქვეყნის მასშტაბით პროდუქტების საშუალო ფასს წარმოადგენს. საარსებო მინიმუმის სასურსათო კალათა შედგება 40 დასახელების პროდუქტისგან – პური, ბურღულეული, ხორცი, რძის პროდუქტები, ბოსტნეული და საკონდიტრო ნაწარმი.