პირველი აგვისტოდან, თურქეთის კილისის მილსადენის მეშვეობით სირიაში აზერბაიჯანული ბუნებრივი აირის ტრანსპორტირება დაიწყება.
თურქული მედიის ცნობით, ეს პროექტი მიზნად ისახავს სირიის დაზიანებული ელექტროინფრასტრუქტურის აღდგენას და თურქეთის რეგიონულ ენერგეტიკულ ცენტრად გადაქცევის მიზნის განმტკიცებას.
აღსანიშნავია, რომ „სოკარს“ და სირიას შორის ცოტა ხნის წინ ხელმოწერილი დოკუმენტის ფარგლებში ბუნებრივი აირის ტრანსპორტირებისთვის მზადება დასრულებულია.
პირველ ეტაპზე სირიაში ყოველწლიურად, 1,2 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის გაგზავნა იგეგმება. გაზი გაივლის თურქეთის საზღვარზე მდებარე ქალაქ კილისს და მიაღწევს ალეპოსა და ჰომსის ელექტროსადგურებს, სადაც გამოყენებული იქნება ელექტროენერგიის წარმოებისთვის. ამის წყალობით, დაგეგმილია დაახლოებით 1200-1300 მეგავატის სიმძლავრის წარმოება.
შეგახსენებთ, რომ 12 ივლისს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობკომპანიასა (SOCAR) და სირიის მხარეს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს მოეწერა ხელი.