Bloomberg-ის გათვლებით, მსოფლიოს 500 უმდიდრესმა ადამიანმა 2022 წლის დასაწყისიდან $1,4 ტრილიონი დაკარგა, მათ შორის $206 მილიარდი მხოლოდ 13 ივნისს. სააგენტომ ეს დასკვნა საკუთარი „მილიარდერთა ინდექსის“ მონაცემების საფუძველზე მოამზადა.
ყველაზე დიდი ზარალი Binance -ს კრიპტოვალუტის ბირჟის დამფუძნებელს ჩანგპენგ ჩაოს მიადგა. ის Bloomberg-ის მილიარდერების საერთო რეიტინგში 190-ე ადგილს იკავებს და წლის დასაწყისიდან $85,6 მილიარდი დაკარგა. სააგენტოს მიერ მისი ქონება $10,2 მილიარდად არის შეფასებული.
Tesla-სა და Space X-ის დამფუძნებელი ელონ მასკი ზარალის მხრივ მეორე ადგილზეა, მისი ქონება $73,2 მილიარდით შემცირდა, მესამეზეა Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი, რომელმაც $65,3 მილიარდი დაკარგა.
Meta-ს ხელმძღვანელის მარკ ცუკერბერგის დანაკარგი $64,4 მილიარდია. მეხუთე ადგილზეა Louis Vuitton Moët Hennessy ჯგუფის პრეზიდენტი ბერნარ არნო, რომელმაც წლის დასაწყისიდან $56,8 მილიარდი დაკარგა.