სომხეთთან ურთიერთობის ნორმალიზაციის შესახებ აზერბაიჯანის მიერ წამოყენებული წინადადებები ასევე, ერთმანეთის საზღვრების მიმართ ქვეყნების ურთიერთპატივისცემას მოიცავს, - აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ამის შესახებ პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ბაქოს გლობალური ფორუმის გახსნაზე (საფრთხეები გლობალური მსოფლიო წესრიგისთვის) სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„მოხარული ვართ, რომ სომხეთის მთავრობამ ეს ხუთი პრინციპი მიიღო“, - განაცხადა ქვეყნის პრეზიდენტმა. მისი თქმით, ახლა მთავარია მხარეებმა ამ მიმართულებით პრაქტიკული მუშაობა განახორციელონ. „აზერბაიჯანში უკვე შექმნილია კომისია საზღვრის დელიმიტაციისთვის. სომხეთისგანაც იგივე ნაბიჯს ველით", - განაცხადა ალიევმა.
9 აპრილს, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცახადა, რომ სომხეთი ორ ქვეყანას შორის ვითარების ნორმალიზებისთვის 5 პრინციპს დათანხმდა.
აზერბაიჯანი გამოვიდა ინიციატივით, რომ სომხეთთან სახელმწიფოებრივი ურთიერთობების დალაგების საფუძველი შემდეგი პრინციპები გახდეს:
- მხარეებმა ორმხრივად უნდა ცნონ ორი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, საერთაშორისო საზღვრები და ერთმანეთის პოლიტიკური დამოუკიდებლობა;
- მხარეებმა უნდა აღიარონ, რომ სახელმწიფოებს ერთმანეთის მიმართ არ აქვთ ტერიტორიული პრეტენზიები და აიღებენ იურიდიულ ვალდებულებას, რომ მომავალშიც ასეთ პრეტენზიებს ერთმანეთთან მიმართებით არ წამოაყენებენ;
- მხარეებმა თავი უნდა შეიკავონ და არ დაემუქრონ სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებში ერთმანეთის უსაფრთხოებას. ასევე თავი უნდა შეიკავონ ერთმანეთის პოლიტიკური დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მუქარისა და ძალის გამოყენებისგან, აგრეთვე გაეროს წესდების მიზნებთან შეუთავსებელი სხვა გარემოებებისგან;
- მოახდინონ საზღვრების დელიმიტაცია და დემარკაცია, დაამყარონ დიპლომატიური ურთიერთობები, გახსნან ტრანსპორტის მიმოსვლა და კომუნიკაცია;
- დაამყარონ კომუნიკაცია და ითანამშრომლონ სხვა სფეროებში, სადაც ერთობლივი ინტერესები აქვთ;
მანამდე, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა თქვა, რომ „აზერბაიჯანის წინადადებებში მიუღებელი არაფერია“.
2022 წლის მარტში, ყარაბაღში დაძაბულობის ფონზე ილჰამ ალიევი და ნიკოლ ფაშინიანი ბრიუსელში შეხვდნენ.
2020 წლის შემოდგომაზე სომხეთსა და აზებაიჯანს შორის მთიან ყარაბაღში ომი დაიწყო. გაიმარჯვა აზებაიჯანის არმიამ. აზერბაიჯანმა ამ ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი დაიკავა. მხარეთა შორის მოლაპარაკებებში რუსეთი ჩაერთო, შემდეგ კი მთან ყარაბაღში სამშვიდობო კონტიგენტი გაგზავნა.