სომხეთმა გაასაჯაროვა 6 პუნქტი, რომელიც აზერბაიჯანს სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დაწყებისას შესთავაზა. ამის შესახებ სომხური მედია, რესპუბლიკის განსაკუთრებულ დავალებათა ელჩზე ედმონ მარუკიანზე დაყრდნობით წერს.
ედმონ მარუკიანის ინფორმაციით, პირველ პუნქტში აღნიშნულია, რომ სომხური მხარე პასუხობს აზერბაიჯანული მხარის წერილს, რომელიც მათ 11 მარტს გადაეცათ.
რაც შეეხება მეორე პუნქტს, აღნიშნულთან დაკავშირებით მარუკიანმა განაცხადა: „როგორც გახსოვთ, იქ აზერბაიჯანი ამბობს, თქვენ არ უნდა გქონდეთ ტერიტორიული პრეტენზია ჩვენ მიმართ. ჩვენ კი ვამბობთ, მომისმინე, ძმაო, შენ მიმართ ტერიტორიული პრეტენზია არ გვაქვს და არ გვქონია. თავდაპირველად, სომხეთის ყველა ხელისუფლება ყოველთვის აცხადებდა, რომ ჩვენ ტერიტორიული პრეტენზია არ გვაქვს. მასში ნათქვამია, რომ 1991 წლის 8 დეკემბერს, დსთ-ის შექმნის შესახებ აზერბაიჯანთან ერთად შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, სომხეთმა ამ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა 1992 წლის 18 თებერვალს. ანუ, იმ დროს, როდესაც ხელი მოვაწერეთ, ამ სტრუქტურაში გაწევრიანებით ჩვენ ორმხრივად ვაღიარეთ ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობა და საზღვრები“.
ამასთან, მისი თქმით, მესამე პუნქტში აღნიშნულია, რომ სომხური მხარისთვის ფუნდამენტური მნიშვნელობისაა მთიანი ყარაბაღის სომხების უსაფრთხოების უზრუნველყოფის, მათი უფლებებისა და თავისუფლებების პატივისცემის, ასევე მთიანი ყარაბაღის საბოლოო სტატუსის განსაზღვრის საკითხები.
მარუკიანმა დაამატა, რომ მეოთხე პუნქტში სომხური მხარე მნიშვნელოვნად მიიჩნევს სომხეთის პრემიერ-მინისტრის, რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების 2020 წლის 9 ნოემბრის, 2021 წლის 11 იანვრის და 2021 წლის 26 ნოემბრის განცხადებებში დაფიქსირებულ ვალდებულებებს. „და რა არის ეს ვალდებულებები – სამხედრო ტყვეების დაბრუნება, გზების განბლოკვა, რასაც აზერბაიჯანი აჭიანურებს“, – განაცხადა მარუკიანმა და დაამატა, რომ სომხური მხარე ამ პუნქტით განმარტავს, რომ იგი აგრძელებს ვალდებულებების შესრულებას, ხოლო აზერბაიჯანი – არა.
მისივე ინფორმაციით, მეხუთე პუნქტში ნათქვამია, რომ სომხური მხარე მზადაა, დაიწყოს მოლაპარაკებები სამშვიდობო ხელშეკრულებაზე აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სახელმწიფოთშორისი ურთიერთობების დამყარების შესახებ გაერო-ს წესდების, ჰელსინკის დასკვნითი აქტისა და საერთაშორისო სამოქალაქო-პოლიტიკური პაქტის საფუძველზე. „ეს არის ფუნდამენტური პრინციპები, რომლებიც არსებობს თავიდანვე. ანუ, ერების თვითგამორკვევის უფლება და სხვა მნიშვნელოვანი უფლებები და თავისუფლებები აქ არის დაფიქსირებული“, – განმარტა მარუკიანმა.
მისივე თქმით, სომხური მხარე მეექვსე პუნქტის შესახებ იტყობინება, რომ შესაბამისი მოლაპარაკებებისთვის სომხეთმა ეუთო-ს „მინსკის ჯგუფის“ თანათავმჯდომარეებს მიმართა.
9 აპრილს, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცახადა, რომ სომხეთი ორ ქვეყანას შორის ვითარების ნორმალიზებისთვის 5 პრინციპს დათანხმდა.
აზერბაიჯანი გამოვიდა ინიციატივით, რომ სომხეთთან სახელმწიფოებრივი ურთიერთობების დალაგების საფუძველი შემდეგი პრინციპები გახდეს:
- მხარეებმა ორმხრივად უნდა ცნონ ორი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, საერთაშორისო საზღვრები და ერთმანეთის პოლიტიკური დამოუკიდებლობა;
- მხარეებმა უნდა აღიარონ, რომ სახელმწიფოებს ერთმანეთის მიმართ არ აქვთ ტერიტორიული პრეტენზიები და აიღებენ იურიდიულ ვალდებულებას, რომ მომავალშიც ასეთ პრეტენზიებს ერთმანეთთან მიმართებით არ წამოაყენებენ;
- მხარეებმა თავი უნდა შეიკავონ და არ დაემუქრონ სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებში ერთმანეთის უსაფრთხოებას. ასევე თავი უნდა შეიკავონ ერთმანეთის პოლიტიკური დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მუქარისა და ძალის გამოყენებისგან, აგრეთვე გაეროს წესდების მიზნებთან შეუთავსებელი სხვა გარემოებებისგან;
- მოახდინონ საზღვრების დელიმიტაცია და დემარკაცია, დაამყარონ დიპლომატიური ურთიერთობები, გახსნან ტრანსპორტის მიმოსვლა და კომუნიკაცია;
- დაამყარონ კომუნიკაცია და ითანამშრომლონ სხვა სფეროებში, სადაც ერთობლივი ინტერესები აქვთ;
მანამდე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა თქვა, რომ „აზერბაიჯანის წინადადებებში მიუღებელი არაფერია“.
2022 წლის მარტში, ყარაბაღში დაძაბულობის ფონზე ილჰამ ალიევი და ნიკოლ ფაშინიანი ბრიუსელში შეხვდნენ.
2020 წლის შემოდგომაზე სომხეთსა და აზებაიჯანს შორის მთიან ყარაბაღში ომი დაიწყო. გაიმარჯვა აზებაიჯანის არმიამ. აზერბაიჯანმა ამ ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი დაიკავა. მხარეთა შორის მოლაპარაკებებში რუსეთი ჩაერთო, შემდეგ კი მთან ყარაბაღში სამშვიდობო კონტიგენტი გაგზავნა.
ასევე წაიკითხეთ