საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ საფრანგეთი და გერმანია უკრაინისგან რაიმე დათმობას რუსეთთან მოლაპარაკებებში არ მოითხოვენ. მაკრონმა ამის შესახებ ხუთშაბათს კიევში გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან, იტალიის პრემიერ-მინისტრ მარიო დრაგის, რუმინეთის პრეზიდენტ კლაუს იოჰანისთან და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მოლაპარაკებებში „წითელ ხაზებზე“ საუბრისას მაკრონმა აღნიშნა, რომ ევროპელები ყოველთვის მხარს უჭერდნენ უკრაინელ ხალხს, რასაც მოწმობს, კერძოდ, ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული უპრეცედენტო სანქციები.
„ამავდროულად, ჩვენ არ წავედით ომში რუს ხალხთან, ანუ კოლექტიურად არ ვაწარმოებთ მსგავს ომს. ამიტომ, ჩვენ აბსოლუტურად გამჭვირვალედ, ყოველ ჯერზე ვატყობინებდით პრეზიდენტ ზელენსკის, ვაგრძელებდით მოლაპარაკებებს რუსეთის პრეზიდენტთან [ ...] კერძოდ, აქტუალურ საკითხებზე, რომლებიც წარმოიქმნება - ახლა ეს არის სასურსათო უსაფრთხოების საკითხი და სწორედ ამ კონტექსტში ვინარჩუნებთ დიალოგის არხს [რუსეთთან]“, - განაცხადა მაკრონმა. თუმცა, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ მოლაპარაკებების ვადებს და ფორმატს უკრაინა განსაზღვრავს.
„არც გერმანია და არც საფრანგეთი არასოდეს იქნებიან უკრაინის ზურგს უკან მომლაპარაკებლები. ისინი არასოდეს მოითხოვენ რაიმეს დათმობას უკრაინისგან - ეს ასე არასდროს ყოფილა და არც იქნება. ჩვენ, მომთხოვნი შუამავალი აქ ვართ მხოლოდ იმისთვის, რომ ვიმოქმედოთ, რათა მეტი სიცხადე შემოვიტანოთ და დავაყენოთ გარკვეული მოთხოვნები, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ წავიდეთ რაიმე დათმობაზე“, - განაცხადა მაკრონმა.
მისივე თქმით, პირობებს დააყენებს მხოლოდ უკრაინის პრეზიდენტი და მხოლოდ იმ პირობებით, რომლებსაც უკრაინელი ხალხი დაეთანხმება.
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, იტალიის პრემიერ მინისტრი მარიო დრაგი და რუმინეთის პრეზიდენტი კლაუს იოჰანისი უკრაინაში 16 ივნისს ჩავიდნენ. ისინი ირპენს ეწვივნენ და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკებები გამართეს.
შეგახსენებთ, საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადებას უკრაინაში კრიტიკული შეფასებები მოჰყვა, მათ შორის პრეზიდენტ ზელენსკისგან.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ ვიდრე ვინმე ითხოვს, რუსეთი არ იყოს დამცირებული, კრემლი ახალ ვერაგულ თავდასხმებს აწარმოებს. მანამდე, საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ რუსეთის დამცირების თავიდან არიდების მოწოდებები მხოლოდ საფრანგეთსა და ყველა იმ სახელმწიფოს ამცირებს, რომლებიც ამას მოითხოვენ.
მაკრონმა საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა, პუტინის ისტორიული შეცდომის მიუხედავად, რუსეთის დამცირება არ დაუშვას, რათა შემდგომი მოლაპარაკებები გაადვილდეს.
ამ საკითხთან დაკავშირებით, 9 ივნისს, სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს, კარენ დონფრიდსაც ჰკითხეს.