ირაკლი კობახიძე: სამწუხაროდ, არ გვიჯერებს ხოლმე რაღაცებში სალომე ზურაბიშვილი

როდესაც ასეთი მოუმზადებელი ინიციატივით გამოდიხარ, მინიმუმ ვიღაცას უნდა შეეკითხო, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში პრეზიდენტის ინიციატივით ევროპის მოედანზე გამართული აქციის შეფასებისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოში ევროინტეგრაციას 3 500 000-მდე ადამიანი უჭერს მხარს, თუმცა აქციაზე მხოლოდ 300-მდე ადამიანი მივიდა, რადგან აქცია მოუმზადებელი იყო.

„300 კაციანი აქცია ეს არის სრულიად აცდენილი იმ რეალობას, რაც არის საქართველოში. 3 700 000 ქართველიდან 85% უჭერს მხარს ევროინტეგრაციას ანუ 3 500 000-მდე უჭერს მხარს ევროინტეგრაციას და ამ დროს ვხედავთ, რომ 300 კაცი მიდის აქციაზე, სამწუხაროდ არ გვიჯერებს ხოლმე რაღაცებში სალომე ზურაბიშვილი და მერე თვითონ უბრუნდება ცუდად ეს ყველაფერი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძემ 2018 წლის საპრეზიდენტო კამპანიაც გაიხსენა.

„ეს იყო საარჩევნო კამპანია, რომლის გახსენებაც არ მინდა. უმძიმესი იყო. არ გვიჯერებდა მაშინაც. როდესაც კანდიდატი არ მოგყვება კამპანიაში, ამ შემთხვევაში ძალიან მძიმეა კამპანიის წარმართვა. ტექნიკური საკითხები, რომ ავიღოთ, იქაც კი არ მოგვყვებოდა - კლიპის გადაღებაში. აქცია იყო დასაორგანიზებელი და უარს ამბობდა მოსვლაზე და ა.შ. ანუ ჩვენ რაც გვქონდა პიარული გეგმა, იმაში არ მოგვყვებოდა. ჩვენ გვქონდა პიარული გამოძიება.

მერე იყო კონკრეტული განცხადებები, რაზეც წინასწარ ვაფრთხილებდით, რომ არ უნდა გაეკეთებინა და მაინც გააკეთა, სამწუხაროდ. მაგალითად, ომთან დაკავშირებული განცხადება.

ჯერ პირველი განცხადება გააკეთა, მერე მოგვიწია ამის შელამაზება. ოპოზიცია პირადად მეც შემეხო, სხვათა შორის, კარგად შეალამაზაო, არ ეკუთვნოდა, მაგრამ მაინცო და მერე მეორე ისეთი დაემატა [სალომე ზურაბიშვილმა], რომელიც რთულად შესალამაზებელი იყო“, - განაცხადა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ.


შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, აქციის თარიღი არავისთან შეჯიბრის გამო არ ჩანიშნულა და შეკრება ევროკომიის მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით მისაღებ რეკომენდაციას უკავშირდებოდა.

„ჩემთვის ორგანიზება არ ნიშნავს მიკროავტობუსებით ადამიანების ჩამოყვანას, აქტივისტების თავმოყრას ან სხვას. ეს არის ერის თავისუფალი ხედვის გამოხატვა, რასაც ნელ-ნელა ვისწავლით“, - განუცხადა მედიას პრეზიდენტმა ევროპის მოედანზე. დღევანდელ შეკრებას შეუერთდნენ ამერიკის, გერმანიის და საფრანგეთის ელჩები.

პრეზიდენტმა საზოგადოებას 16 ივნისს შეკრებისკენ მოუწოდა. სალომე ზურაბიშვილმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებსაც მიმართა, შეუერთდნენ ამ შეკრებას. პრეზიდენტმა მიმართა პოლიტიკურ პარტიებს, ვისი მიზანიც ევროპაა, მასთან „ერთად დადგნენ მიკროფონების გარეშე“. შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ 16 ივნისის შეკრების ინიციატივა „სამწუხაროდ, ცოტა მოუმზადებელია, რადგან აქციის ორგანიზება ბევრ რამესთან არის დაკავშირებული“. ოპოზიციის ნაწილმა პრეზიდენტის შეთავაზება მიიღო და განაცხადა, რომ 16 ივნისის აქციაში მონაწილეობას გეგმავდა.