საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ დასავლეთის ქვეყნებს აქვთ შეთანხმება, რომ არ მიაწოდონ უკრაინას გარკვეული, კატეგორიის იარაღი, მათ შორის თვითმფრინავები და ტანკები, რათა რუსეთთან ომში მონაწილეობა თავიდან აიცილონ. საფრანგეთის ლიდერის შესაბამის განცხადებას უკრაინული მედია ავრცელებს.
მაკრონის თქმით, საფრანგეთი უკრაინას ძირითადად ამუნიციით და „გარკვეული კატეგორიის იარაღებით“, ჯავშანტექნიკით ეხმარება, მათ შორისაა, „კეისრის“ თვითმავალი ჰაუბიცები, მაგრამ პრეზიდენტმა ზელენსკიმ დამატებითი დახმარება ითხოვა და უახლოეს მომავალში ამ 12-ს კიდევ ექვსი დაემატება.
„თქვენ საუბრობთ არაფორმალურ შეთანხმებაზე, მაგრამ ეს NATO-ს პარტნიორების თითქმის ოფიციალური პოზიციაა. ჩვენ ვეხმარებით უკრაინას თავის დაცვაში, მაგრამ არ შევდივართ ომში რუსეთის წინააღმდეგ. ამიტომ, შეთანხმდნენ, რომ არ მიეწოდებინათ გარკვეული იარაღი, როგორიცაა, თავდასხმის... თვითმფრინავები ან ტანკები და პრეზიდენტმა ზელენსკიმ იცის ამ შეთანხმების შესახებ“, - განუცხადა მაკრონმა ხუთშაბათს უკრაინელ ჟურნალისტებს.
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, იტალიის პრემიერ მინისტრი მარიო დრაგი და რუმინეთის პრეზიდენტი კლაუს იოჰანისი უკრაინაში 16 ივნისს ჩავიდნენ. ისინი ირპენს ეწვივნენ და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკებები გამართეს.