ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა მარკ რუტემ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა გერმანიასთან ერთად მალე მზად იქნება უკრაინაში გაგზავნოს 12 თვითმავალი ჰაუბიცა Panzerhaubitze 2000. მისი თქმით, დახმარება უკრაინული ეკიპაჟის სწავლების დასრულებისთანავე გაიგზავნება.
„ახლა ჩვენ ვავარჯიშებთ უკრაინელებს Panzerhaubitze 2000 სისტემებზე და ვიმედოვნებთ, რომ მათგან 12-ს, უკრაინაში გერმანიიდან და ნიდერლანდებიდან რაც შეიძლება მალე გავგზავნით“, - განაცხადა რუტემ.
მან აღნიშნა, რომ არსებობს ორი რამ, რაც ნამდვილად აერთიანებს NATO-ს მოკავშირეებს: ტრანსატლანტიკური ორიენტაცია და უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის აბსოლუტური საჭიროება. ამიტომ, ისინი იმუშავებენ, რომ უკრაინას რაც შეიძლება მეტი დახმარება გაუწიონ, მათ შორის არის ჰუმანიტარული დახმარებისა და მძიმე იარაღის მიწოდება კიევისთვის.
როგორც ცნობილია, გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ქრისტინე ლამბრეხტმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ უკრაინა მალე მიიღებს Panzerhaubitze 2000-ის თვითმავალ ჰაუბიცებს. ამ სისტემების უკრაინისთვის გადაცემის შესაძლებლობის შესახებ მაისში გახდა ცნობილი. სულ იგზავნება 12 ჰაუბიცა, შვიდი გერმანიიდან და ხუთი - ნიდერლანდებიდან. გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ქრისტინე ლამბრეხტმა სამშაბათს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარების წვრთნა გერმანული ჰაუბიცების გამოყენებისთვის, მალე დასრულდება, რაც გზას გაუხსნის უკრაინის ომში იარაღის გამოყენებას.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.
14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.