17 ივნისს, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში კარენ დონფრიდი საქართველოს ეწვევა, სადაც ის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ორგანიზებულ „ქალთა საერთაშორისო კონფერენციაზე“ სიტყვით გამოვა.
დონფრიდი შეხვდება პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და სხვა ოფიციალურ პირებს. სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ასევე შეხვდება ოპოზიციასა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს. მხარეები განიხილავენ კრემლის არაპროვოცირებულ ომს უკრაინის წინააღმდეგ და აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
მდივნის თანაშემწე ასევე განიხილავს გზებს, თუ როგორ შეუძლია შეერთებულ შტატებს, უზრუნველყოს შემდგომი მხარდაჭერა საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და კანონის უზენაესობის კუთხით წინსვლის, საქართველოს ეკონომიკის დივერსიფიკაციისა და წარმატებული მომავლის შენების საკითხში.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე 18 ივნისს გაემგზავრება სომხეთში, სადაც პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და მთავრობის სხვა წარმომადგენლებს შეხვდება. მდივნის თანაშემწე გამოხატავს აშშ-ის მხარდაჭერას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დიპლომატიური ძალისხმევის მიმართ, რომელიც მიმართულია მშვიდობის უზრუნველყოფისკენ.
„კარენ დონფრიდი ხაზს გაუსვამს ჩვენს ძლიერ პარტნიორობას, რომელიც საერთო ღირებულებებსა და სომხეთის დემოკრატიული განვითარებისადმი ჩვენს ორმხრივ ერთგულებას ეფუძნება“, - აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციაში.