ლიეტუვას 1997 წელს უარი უთხრეს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე, მაგრამ 2004 წელს ბლოკს შევუერთდით. ასე რომ, ყველაფერი შესაძლებელია. საჭიროა კონსოლიდირებული ძალისხმევა სამოქალაქო საზოგადოებისგან, პოლიტიკური პარტიებისგან, ხელმძღვანელობისგან და სახელმწიფო ინსტიტუტებისგან, - შესაბამისი განცხადება ქართული მედიის ცნობით, ლიეტუვის ელჩმა საქართველოში ანდრიუს კალინდრამ გააკეთა.
მიაჩნია, თუ არა, რომ საქართველოს მთავრობამ ყველაფერი გააკეთა კანდიდატის სტატუსის მისაღებად, ლიეტუვის ელჩმა უპასუხა, რომ პოლიტიკა აღქმების მეცნიერებაა და ყველა ჩვენგანს ჩვენი აღქმა გვაქვს.
„მიიღებთ თუ არა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს, ეს დამოკიდებულია წევრ ქვეყნებს შორის კონსენსუსზე, მაგრამ დღეს ჩვენ ველოდებით ევროპული კომისიის დასკვნას საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, რასაც მოჰყვება ევროკავშირის ლიდერების მიერ განხილვა 23-24 ივნისს. მოდით, დაველოდოთ მომდევნო საათებს, რომ ვიხილოთ, როგორი იქნება ეს დასკვნა“, - განაცხადა ლიეტუველმა დიპლომატმა.
ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს 10 მაისს გადასცა. კითხვარის მეორე ნაწილის გადაცემის შემდგომ, ევროკომისია იწყებს საკუთარი შეფასების ანგარიშის მომზადებას, რომელიც ევროკავშირის საბჭოს გადაეცემა და საბჭო შესაბამის გადაწყვეტილებას დაახლოებით, ერთ კირაში მიიღებს.