ევროკომისიის პრეზიდენტი: ევროპის კარი ფართოდაა გაღებული. ყველაფერი საქართველოს ხელთ არის, რომ წინ წავიდეს და ღია კარში გავიდეს

რაც უფრო მალე შეიკვრებით, მით უფრო მალე იქნება წინსვლა. შესაბამისად, ყველაფერი საქართველოს ხელთ არის, რომ წინ წავიდეს და ღია კარში გავიდეს, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომელზეც უკრაინის, მოლდოვას და საქართველოს განაცხადებთან დაკავშირებით ევროკომისიის დასკვნა წარმოადგინა.

ჟურნალისტის კითხვაზე თუ რა დროში მიიღებს საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს, ასე უპასუხა:

„უშველებელი წინგადადგმული ნაბიჯია საქართველოსთვის, რომ მას ევროპული პერსპექტივა მიენიჭა. კარები არის ფართოდ გახსნილი, საქართველოზეა დამოკიდებულები გადადგას შესაბამისი ნაბიჯები, რომ გაერთიანდეს მთელი ქვეყანა პოლიტიკურ მხარეს და მკაფიოდ აჩვენოს, რომ აქტიურობა სურთ. ეს განსაზღვრავს ვადებსაც, თქვენ დამოკიდებული - რაც უფრო მალე შეიკვრებით, მით უფრო მალე იქნება წინსვლა. შესაბამისად, ყველაფერი საქართველოს ხელთ არის, რომ წინ წავიდეს და ღია კარში გავიდეს“ - განაცხადა ფონ დერ ლაინმა.

შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით.

ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა.


პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს 10 მაისს გადასცა.