საქართველოს შემთხვევაში შევადგინეთ პრიორიტეტების ყოვლისმომცველი სია, რომელთა შესრულების საფუძველზეც გვექნება საშუალება, შედეგს მივაღწიოთ კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეიმ ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოში პოლარიზაცია უნდა დასრულდეს.
„საქართველოს შემთხვევაში შევადგინეთ პრიორიტეტების ყოვლისმომცველი სია, რომელთა შესრულების საფუძველზეც გვექნება საშუალება, შედეგს მივაღწიოთ კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.
ჩვენ გვსურს, ვიხილოთ პოლარიზაციის დასრულება, რაც დამახასიათებელია ქვეყნისთვის. ჩვენ გვსურს ყველა პოლიტიკური პარტიის თანამშრომლობა და იმ შეთანხმების შესრულება, რომელიც მიღწეული იყო ევროკავშირის ფასილიტაციით. ეს ასევე მოიცავს მართლმსაჯულების რეფორმას, რადგან ეს შეთანხმება ეხება ამ საკითხსაც. ასევე გვჭირდება პროგრესი კორუფციასთან ბრძოლის კუთხით. ანტიკორუფციული სააგენტოს დამოუკიდებლობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი. ჩვენ ასევე გვჭირდება ბრძოლის გაძლიერება ორგანიზებულ დანაშაულთან, გვჭირდება აქტიური, ჯანსაღი გამოძიება, გასამართლება და სანდო შედეგებზე დაფუძნებული ისტორია. და ბოლოს, ფუნდამენტურ უფლებებზე ჩვენ გვჭირდება, რომ გრანტირებული იყოს თავისუფალი, პროფესიონალური და პლურალისტული და დამოუკიდებელი მედიაგარემო ჟურნალისტებისთვის“, – განაცხადა ევროკომისარმა.
შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით.
ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს 10 მაისს გადასცა.