ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის კანდიდატის სტატუსზე: ესაა პირველი ნაბიჯი, რომელიც გამარჯვებასთან დაგვაახლოებს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ევროკომისიის რეკომენდაციას, ქვეყნისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე Twitter-ზე გამოეხმაურა. „მივესალმები ევროპული კომისიის დასკვნას უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. ეს არის პირველი ნაბიჯი ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, რომელიც აუცილებლად დაგვაახლოებს ჩვენს გამარჯვებასთან“, -წერს ზელენსკი.

უკრაინის პრეზიდენტი იმედს გამოთქვამს, რომ მომავალ კვირას დაგეგმილი შეხვედრის დროს ევროპული საბჭო დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს.

„მადლობელი ვარ ურსულა ფონ დერ ლაიენისა და ევროკომისიის თითოეული წევრის ამ ისტორიული გადაწყვეტილების მიღებისთვის. მომავალ კვირას ველოდები დადებით შედეგს ევროპული საბჭოსგან,“- წერს პრეზიდენტი ზელენსკი.

შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით.

ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა.


პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს 10 მაისს გადასცა.