კობახიძე: ევროკომისის დოკუმენტში ბიძინა ივანიშვილი, როგორც ოლიგარქი ვერანაირი ფაქტითა და არგუმენტით ნაგულისხმები ვერ იქნებოდა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ევროკომისიის დოკუმენტში დეოლიგარქიზაციის საკითხზე არსებულ ჩანაწერს გამოეხმაურა. კობახიძე აცხადებს, რომ დოკუმენტში საუბარი არ არის და ვერ იქნება ბიძინა ივანიშვილზე. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი ბიზნესმენია და თავისი კონკრეტული წარსულით ფილანტროპი.

 „ჩვენ გვყავს ძალიან ცნობილი ოლიგარქები საქართველოში და ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ცხრა წელი ძარცვავდნენ ქართველ ხალხს დაა ქართულ სახელმწიფოს. მაგალითად, სააკაშვილი არის ერთ-ერთი ცნობილი ოლიგარქი, და შეგახსენებთ, რომ დღეს ის ზის ციხეში და დეოლიგარქიზაციისკენ კონკრეტული ნაბიჯი უკვე გადაიდგა. მან თავის ნებით გააკეთა პრინციპში ეს ყველაფერი, თავისი ნებით ჩაჯდა ციხეში. კეზერაშვილი, მეორე ოლიგარქი, მასზეც არის, რა თქმა უნდა, აღძრული სისხლის სამართლის საქმე და, რა თქმა უნდა, დეოლიგარქიზაციისთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს საქმე იყოს ბოლომდე მიყვანილი. ყველა საკითხს შევეხებით ბუნებრივია, ოლიგარქების დასრულება არის ბუნებრივია, ქართული სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა“, - განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, ევროკავშირის დოკუმენტში ბიძინა ივანიშვილი, როგორც ოლიგარქი ვერანაირი ფაქტითა და არგუმენტით ნაგულისხმები ვერ იქნებოდა. „ვერანაირი ფაქტით და არგუმენტით ეს [ბიძინა ივანიშვილი] ვერ იქნებოდა ნაგულისხმევი და არც არის ნაგულისხმევი, ბუნებრივია. ბიძინა ივანიშვილი არის ბიზნესმენი, თავისი კონკრეტული წარსულით და გარდა ბიზნესმენისა, ის არის ფილანტროპი და ქველმოქმედი, გარდა ამისა, მან 2012 წელს დაასრულა სისხლიანი რეჟიმი, აქედან გამომდინარე, ვერავითარ შემთხვევაში ვერ იქნება საუბარი აქ ბიძინა ივანიშვილზე, თუმცა, იმ ადამიანებზე, რომლებმაც ძარცვეს ეს ქვეყანა 9 წლის განმავლობაში, რა თქმა უნდა, იქნება საუბარი ამ დოკუმენტში და არამარტო, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ ოლიგარქებისგან ქვეყანა გავათავისუფლოთ“, - განაცხადა კობახიძემ.

ევროკომიის დასკვნაში, რომელიც დღეს გასაჯაროვდა, საქართველოსთან მიმართებით დეოლიგარქიზაციაზე, არის შემდეგი ჩანაწერი: „დეოლიგარქიზაციის" ვალდებულების შესრულება დაინტერესებული წრეების გადაჭარბებული ზეგავლენის აღმოფხვრის გზით, ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საჯარო ცხოვრებაში.
 
შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით.

ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს 10 მაისს გადასცა.