კარლ ჰარცელი: ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია საქართველოს მზადყოფნა, შეუდგეს მუშაობას რეკომენდაციების ჩამონათვალის შესასრულებლად

ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია, რომ საქართველოს მიენიჭოს ევროპული პერსპექტივა და გარდა ამისა, კანდიდატის სტატუსი მას შემდეგ, როდესაც მთელი რიგი პრიორიტეტული ქმედებებისა წარმატებით განხორციელდება, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა ბრიფინგზე განაცხადა.

„ნება მიბოძეთ, ხაზი გავუსვა ამ გზავნილის მნიშვნელობას. კომისიის რეკომენდაციაა, რომ საქართველო უნდა იყოს აღიარებული როგორც ქვეყანა, რომლისთვისაც ევროკავშირის მომავალი წევრობის კარი ახლა ღიაა. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ევროკომისია აკეთებს ამ რეკომენდაციას საქართველოსთვის, ისევე როგორც უკრაინასა და მოლდოვისთვის და თუ ყველა წევრი სახელმწიფო დათანხმდება, საქართველოს სტატუსი ევროკავშირთან ურთიერთობაში ახალ სიმაღლეზე ავა. ამ პოზიციიდან კანდიდატის სტატუსის მოპოვებაზე გადასვლის პერსპექტივა, რაც კიდევ ერთი გზაა იმის სათქმელად, რომ ქვეყანა მზად იქნება, დაიწყოს მოლაპარაკებები ევროკავშირის წევრობისთვის, ასევე მოცემულია ამ მოსაზრებაში მას შემდეგ, როდესაც საქართველო შეასრულებს პრიორიტეტების ნაკრებს, როგორც ეს მოსაზრებაშია ასახული“, - აღნიშნა ჰარცელმა.

საქართველოში ევროკავშირის ელჩის განცხადებით, ამ პრიორიტეტების, ამ პირობების უმეტესობა არის ცნობილი საკითხები, რომლის შესახებაც ევროკავშირმა წარსულში, სხვადასხვა დროს უკვე გამოთქვა შეშფოთება.

„კომისარმა ვარჰეიმ ბრიფინგზე მათგან ხუთი ხაზგასმით აღნიშნა. დაწყებული იმით, რომ საჭიროა მიმდინარე პოლიტიკური პოლარიზაციის გადალახვა პარტიებს შორის თანამშრომლობისკენ დაბრუნებით, 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთების შესაბამისად. ეს არის მთავარი, როგორც წარსულში არაერთხელ აღინიშნა და რასაც საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა, რომელმაც ხმა მისცა პროევროპულ პარტიებს, სამართლიანად უნდა მოელოდოს თავისი პოლიტიკური პარტიების ლიდერებისგან“, - განაცხადა ჰარცელმა. 

კომისარმა ასევე აღნიშნა, რომ შეუსრულებელ რეკომენდაციებს შორისაა სასამართლო რეფორმა: „კიდევ ერთი საკითხი, რომელთან დაკავშირებით ევროკავშირი შეშფოთებას დიდი ხნის განმავლობაში გამოთქვამს, ისევე როგორც კორუფციასთან ბრძოლა, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ გაძლიერებული ბრძოლა, სფერო, სადაც საქართველოს უკვე აქვს კარგი გამოცდილება და თავისუფალი, პროფესიული, პლურალისტური და დამოუკიდებელი მედიაგარემოს დაცვა. ეს არის ცხადი საკითხების ჩამონათვალი, მაგრამ ამჟამად, ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია საქართველოს მზადყოფნა და უნარი, შეუდგეს მუშაობას პრიორიტეტების ამ ჩამონათვალის შესასრულებლად, რაც მოითხოვს ყველა პოლიტიკური პარტიის, ისევე როგორც სხვა სახელმწიფო ორგანოების, ადგილობრივი ხელისუფლების და სამოქალაქო საზოგადოების და ასევე სხვების ჩართულობას“.

ჰარცელის შეფასებით, საქართველომ ნაკლებად ხელსაყრელი მოსაზრება მიიღო, ვიდრე უკრაინამ და მოლდოვამ. „ეს არის გზავნილი, რომელიც სერიოზულად უნდა იქნას მიღებული. როგორც უკვე ვთქვი, ეს საქართველოსთვის ფხიზლად ყოფნის მომენტია. ამ პრიორიტეტების, ამ პირობების უმეტესობა არის ცნობილი საკითხები, რომლის შესახებაც ევროკავშირმა წარსულში, სხვადასხვა დროს უკვე გამოთქვა შეშფოთება. კომისარმა ვარჰეიმ ბრიფინგზე მათგან ხუთი ხაზგასმით აღნიშნა. დაწყებული იმით, რომ საჭიროა მიმდინარე პოლიტიკური პოლარიზაციის გადალახვა პარტიებს შორის თანამშრომლობისკენ დაბრუნებით, 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთების შესაბამისად. ეს არის მთავარი, როგორც წარსულში არაერთხელ აღინიშნა და რასაც საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა, რომელმაც ხმა მისცა პროევროპულ პარტიებს, სამართლიანად უნდა მოელოდოს თავისი პოლიტიკური პარტიების ლიდერებისგან“, - განაცხადა ჰარცელმა.

შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით

ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს 10 მაისს გადასცა.