ილია დარჩიაშვილი: ევროკომისიამ, დღეს ღიად დააფიქსირა გადაწყვეტილება, საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის გახსნის შესახებ

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ევროკომისიის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით საქართველოს მეტის მოლოდინი ჰქონდა.

„საქართველოს გაწეული ძალისხმევის და ჩატარებული რეფორმების საფუძველზე, მართალია, მეტის მოლოდინი ჰქონდა აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ევროკომისიამ დღეს ღიად დააფიქსირა საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის გახსნის შესახებ გადაწყვეტილება“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.

მისი თქმით, აღნიშნული რეკომენდაციით ევროკომისიამ პირველად ფორმალურად დაადასტურა, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა შეუქცევადი რეალობაა და აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი.

„საქართველოსთვის ევროკავშირის პერსპექტივის გაჩენით ევროკავშირმა დაადასტურა პროგრესი, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში არსებობს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში და კიდევ ერთხელ აღნიშნა საქართველოსთან დაახლოების განსაკუთრებული მნიშვნელობა“.

ამასთან საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ევროკომისიის რეკომენდაცია მნიშვნელოვან გზავნილებს შეიცავს. „აღნიშნული რეკომენდაცია მნიშვნელოვან გზავნილებს შეიცავს სამივე ქვეყნისთვის. დღეს ევროკომისიამ განაცხადა, რომ საქართველო მოლდოვასა და უკრაინასთან ერთად - გაწევრიანების პერსპექტივის მიცემით ევროპული ოჯახის განუყოფელი ნაწილია“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.


შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით

ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს 10 მაისს გადასცა. 


ოლარიზაციის დასრულება, მართლმსაჯულების რეფორმა და კორუფციასთან ბრძოლის კუთხით პროგრესი - ევროკომისია საქართველოს პირობების შესრულებას სთხოვს