რობერტა მეცოლა: უნდა ვიმუშაოთ, რომ საქართველოსაც მივცეთ უკრაინისა და მოლდოვის მსგავსი შესაძლებლობა

„მივესალმებით მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას. და უნდა ვიმუშაოთ იმისთვის, რომ იგივე შესაძლებლობა ქართველ ხალხს მივცეთ. ჩვენი კარი ღია უნდა დარჩეს. გავაძლიეროთ ევროპა, დავიცვათ ჩვენი ღირებულებები და დავიცვათ თავისუფლება“, - ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ Twitter-ზე დაწერა.

"უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე რეკომენდაცია ძლიერი პოლიტიკური მესიჯია. ავტოკრატიის წინააღმდეგ. თავისუფლებისთვის. ევროპარლამენტის სახელით, მივესალმები ევროკომისიის რეკომენდაციებს. დღევანდელი გადაწყვეტილება გვაძლევს გზას, რომ ევროსაბჭომ უკრაინას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს“, - წერს რობერტა მეცოლა.

შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით

ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს 10 მაისს გადასცა.


პოლარიზაციის დასრულება, მართლმსაჯულების რეფორმა და კორუფციასთან ბრძოლის კუთხით პროგრესი - ევროკომისია საქართველოს პირობების შესრულებას სთხოვს